„2018 წლის დარჩენილ პერიოდში ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში იქნება“

როგორც პროგნოზირებული იყო, ინფლაცია ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვის შემდეგ მიზნობრივ დონემდე შემცირდა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის.

“2017 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი ერთჯერადი ფაქტორების გავლენით გაიზარდა და წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა ნარჩუნდებოდა. გასათვალისწინებელია, რომ ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა ძირითადად ერთჯერადი ფაქტორებით იყო გამოწვეული. კერძოდ, საუბარია გასულ წელს თამბაქოს ნაწარმსა და საწვავზე ფასების მატებაზე, რაც ამ პროდუქტებზე აქციზის გადასახადის ზრდამ გამოიწვია. მოგვიანებით, ასევე ადგილი ჰქონდა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მატებას, რამაც დამატებით ზრდის მიმართულებით იმოქმედა ინფლაციაზე. აღნიშნული მოვლენების ფონზე, როგორც ეროვნული ბანკის მიერ იყო პროგნოზირებული, 2017 წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა ნარჩუნდებოდა, ხოლო მონეტარული პოლიტიკა ზომიერად მკაცრი იყო. 2017 წლის განმავლობაში საშუალოდ ინფლაცია 6 პროცენტს შეადგენდა. აქედან ერთჯერადი ფაქტორები 2.2-დან 3.1 პროცენტული პუნქტის ფარგლებში მერყეობდა. მათი გამორიცხვით კი ინფლაცია, ძირითადად, 4 პროცენტიანი მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდებოდა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, 2018 წლის დასაწყისიდან ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების ძირითადი ნაწილის ამოწურვის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და მიზნობრივ დონესთან - 3%-თან - ახლოს ნარჩუნდება.

„მაისში წლიური ინფლაცია 2.5% იყო. მოსალოდნელია, რომ 2018 წლის დარჩენილ პერიოდშიც ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში იქნება“, - აღნიშნა გვენეტაძემ.