კობა გვენეტაძე - ლარიზაციის ღონისძიებების შედეგები უკვე აისახა საბანკო სისტემის მაჩვენებლებზე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, 2017 წელს ლარიზაციის პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდა.როგორც სებ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას მაღალი დოლარიზაცია წარმოადგენს.

კობა გვენეტაძის შეფასებით, დოლარიზაციის შემცირება და შესაბამისად, ლარიზაციის წახალისება საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკის ნაწილია და მისი ხელშემწყობი ღონისძიებები ეტაპობრივად ხორციელდება.

„ამ კუთხით 2017 წელი განსაკუთრებული იყო. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მთავრობასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავდა: ლარის გრძელვადიანი რესურსის ხელმისაწვდომობის ზრდა; სავალუტო რისკების ადეკვატური გადანაწილება და ლარით ფასდადება და რომლის ძირითადი ნაწილი უკვე შესრულდა, ნაწილი კი გრძელვადიან ხასიათს ატარებს და განხორციელების პროცესშია. ლარიზაციის ღონისძიებების შედეგები უკვე აისახა საბანკო სისტემის მაჩვენებლებზე. კერძოდ, 2018 წლის მაისის ბოლოსთვის, 2017 წლის დასაწყისიდან სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი 10.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა, დეპოზიტების კი - 9.1 პროცენტული პუნქტით. განსაკუთრებით კი აღსანიშნავია ფიზიკური პირებისთვის დოლარის სესხების წილის კლება 15.1 პროცენტული პუნქტით. რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, მათი სესხების დოლარიზაცია იმავე პერიოდში 54 პროცენტიდან 20 პროცენტამდე ჩამოვიდა“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, დოლარიზაციის შემცირება ხანგრძლივი პროცესია, შესაბამისად მისი თქმით, ამ მიმართულებით რეფორმები გაგრძელდება მანამ, სანამ დოლარიზაციის მასშტაბები მისაღებ დონემდე არ შემცირდება.

“ლარიზაციის ზრდის უმთავრესი წინაპირობა არის ქვეყანაში დაბალი და სტაბილური ინფლაციის შენარჩუნება და მოქნილი გაცვლითი კურსის არსებობა, რაც უზრუნველყოფს ეროვნული ვალუტისადმი, როგორც გრძელვადიანი აქტივისადმი, ნდობის ამაღლებას. ნდობის ამაღლება არ ხდება მყისიერად, არამედ ეს არის დროში გავრცობილი პროცესი. თუმცა, შესაძლებელია, გარკვეული სტიმულების შექმნა აღნიშნული პროცესის დასაჩქარებლად. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს მთავრობასთან ერთად დედოლარიზაციის ღონისძიებების განხორციელებაზე და მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.