„სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი ნაწილი კვლავ დაურეგისტრირებელია“

„მიწის რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურებისა და გარკვეული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, დღესდღეობით, სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი ნაწილი კვლავ დაურეგისტრირებელია“.ამის შესახებ ISET კვლევაშია აღნიშნული.

შესაბამისად, კვლევის თანახმად, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, თუ რა ფართობის მიწა ეკუთვნის სახელმწიფოს, რამდენია კერძო საკუთრებაში, რა კატეგორიების მიწაზეა საუბარი, რა მიწის ფართობია სრულყოფილად დარეგისტირებული, და ა.შ.

„ამასთან, მიმდინარე რეფორმის სიღრმისეულად შეფასებისთვის საჭირო მონაცემების გაცემა არ ხდება, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვებს ბადებს, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს მიწის რეგისტრაციის რეფორმა. იმისთვის, რომ მოხდეს მთლიანი მიწის ფონდის სრულყოფილი რეგისტრაცია, რეკომენდირებულია შემდეგი ზომების გატარება: უნდა შეიქმნას უწყებათაშორისი ორგანო, რომელიც იმუშავებს მიწის სისტემური რეგისტრაციის მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად განხორციელების სრულყოფილი მექანიზმების შემუშავებაზე; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უნდა იყოს ერთ-ერთი წამყვანი რგოლი მიწის რეგისტრაციის რეფორმის განხორციელებაში; რეფორმას უნდა მიებას სასოფლო-სამეურნეო მიწების კატეგორიზაცია; უნდა შენარჩუნდეს მიწის რეგისტრაციის წამახალისებელი მექანიზმები (უფასო რეგისტრაცია, სავალდებულო რეგისტრაცია თუ ფერმერი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობს და ა.შ.) და ბოლოს, მიწის რეგისტრაციის პროცესი მოითხოვს მაღალ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რათა პროცესი წარიმართოს უფრო ეფექტიანად, ლეგიტიმურად და გამჭვირვალედ,“-აღნიშნულია კვლევაში.

კვლევასთან და „სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციის რეფორმასთან“ დაკავშირებით, 29 ივნისს, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, G4G-ის ოფისში მრგვალი მაგიდის გარშემო დისკუსია გაიმართება. შეხვედრა იმართება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, პროექტ "რეფორმეტრის" ფარგლებში.