ბათუმში საზღვაო უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

ბათუმში შავი და აზოვის ზღვების მუშა ჯგუფის შეხვედრა (BASWG12) გაიმართა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას თურქეთის, ბულგარეთის რუმინეთის და უკრაინის ჰიდროგრაფიული სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მას ასევე ესწრებოდა საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) დირექტორი, ვიცე-ადმირალი მუსტაფა იპტესი.

"შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა შავ ზღვაზე უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის მიზნით ჰიდროგრაფიული მომსახურების საკითხებში ურთიერთანამშრომლობა და კოორდინაცია, საზღვაო სანაოსნო რუკების ზონების ლიმიტაცია და ბათიმეტრიული მონაცემების გაცვლა. მხარეებმა ასევე განიხილეს საზღვაო უსაფრთხოების ინფორმაციის (MSI) გავრცელების არეალის გაფართოების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა პროექტი, რომელიც ახლო მომავალში დაინერგება საქართველოში - საზღვაო ინციდენტების შემთხვევაში (უბედური შემთხვევებისას) და ასევე უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის ზღვაზე გლობალური კავშირის სისტემის ფარგლებში", - აცხადებენ სამინისტროში.