Disney 21st Century Fox-ს იყიდის - ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ გარიგებაზე თანხმობა გასცა

აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ მწვანე შუქი აუნთო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს Disney-ის მიერ 21st Century Fox-ის აქტივების შეძენას 71 მილიარდ დოლარად. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეთანხმებაზე თანხმობა გაცემულია იმ პირობით, თუ Disney უარს იტყვის Fox-ის კუთვნილი 22 რეგიონალური სპორტული აქტივის ფლობაზე და გაყიდის მათ. შეთანხმების საბოლოო გაფორმებიდან Disney-ის ექნება 90 დღე, რათა თავიდან მოიშოროს ეს აქტივები. იუსტიციის სამინისტროს გარდა შეთანხმებას ასევე უნდა დათანხმდნენ კომპანიების აქციონერები და ამერიკული სასამართლო.

როგორც ცნობილია, აღნიშნული შეთანხმების პირობებში Disney გეგმავს შეიძინოს Twentieth Century Fox-ის კინო და ტელესტუდიები, მათ შორის, რამდენიმე პოპულარული ფრანჩიზა: X-Men-ი და Avatar-ი. ასევე რამდენიმე საკაბელო ტელევიზია, რომელიც Fox-ის საკუთრებაშია, მათ შორის, სპორტული არხები. შეთანხმება არ შეეხება ტელეკომპანია Fox News-ს და რამდენიმე სხვა არხს, ასევე კომპანიის კუთვნილ სტუდიას ლოს-ანჟელესში.

შეგახსენებთ, 21st Century Fox-ის აქტივების შეძენაზე პრეტენდენტი იყო ასევე ამერიკული სატელეკომუნიკაციო კონგლომერატი Comcast-ი, თუმცა საბოლოოდ Disney-იმ მეტი თანხის შეთავაზებით გაიმარჯვა.

კოკა კვირკველია