საქართველომ სირიის ორ ავიაკომპანიას საჰაერო სივრცის წვდომაზე უარი განუცხადა, - ამის შესახებ საქაერონავიგაციის გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა განაცხადა.მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სირიის მიერ საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის აღიარებას უკავშირდება.
„მოგეხსენებათ, არალეგიტიმური რეჟიმის მიერ ჩვენი ორი რეგიონის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „აღიარების“ შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. ჩვენც, შესაბამისად, მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება და ამ ქვეყანას შევუწყვიტეთ საჰაერო წვდომა,”- განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ მეზვრიშვილმა.
მისივე განმარტებით, ეს შეზღუდვა ძალაში 1-ელ ივნისიდან შევიდა და მუდმივად გაგრძელდება, მანამ, ვიდრე სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიიღება.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 29 მაისს სირიამ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის „დამოუკიდებლობა აღიარა“.