ჩეხეთის დელეგაციამ ”ზაჰესი” დაათვალიერა

ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუბომირ ზაორალეკმა, დღეს, ჩეხეთის დელეგაციის წევრებთან ერთად, ზაჰესის ჰიდროელექტროსადგური დაათვალიერა.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სს "ენერგო-პრო ჯორჯია" არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჩეხური კომპანია, რომელიც საქართველოს ენერგო ბაზარზე 2006 წლიდან საქმიანობს.

ზაჰესში გამართული შეხვედრისას, კომპანიის წარმომადგენლებმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს "ენერგო-პრო ჯორჯიას" საქართველოში საქმიანობა გააცნეს.

კერძოდ, კომპანიის მიერ დღემდე განხორციელებული ინვესტიციები, როგორც ქსელის რეაბილიტაციისა და ინდივიდუალური გამრიცხველიანების კუთხით, ასევე კომპანიის საკუთრებაში არსებულ ჰიდროელექტრო სადგურებზე განხორციელებული სარეაბილიტაციო პროექტების შესახებ. საქართველოში შემოსვლიდან დღემდე, "ენერგო-პრო ჯორჯიამ" განახორციელა 450 მლნ ლარის ინვესტიცია დისტრიბუციის, ხოლო 50 მლნ ლარის ინვესტიცია გენერაციის სფეროში.

ამჟამად, სს "ენერგო-პრო ჯორჯია" ფლობს და ამუშავებს 15 საშუალო და მცირე ზომის ჰიდროელექტრო სადგურებს საერთო ჯამური სიმძლავრით 469,25 მგვტ. კომპანიის გენერაციის აქტივები მოიცავენ რიონჰესს (დადგმული სიმძლავრე 48 მგვტ), გუმათჰესების კასკადს (1 დადგმული სიმძლავრე 44 მგვტ და 2 დადგმული სიმძლავრე 22,8 მგვტ), შაორჰესი (დადგმული სიმძლავრე 38,4 მგვტ), ძევრულჰესი (დადგმული სიმძლავრე 80 მგვტ), ლაჯანურჰესი (დადგმული სიმძლავრე 112,5 მგვტ), აწჰესი (დადგმული სიმძლავრე 16 მგვტ), იორის კასკადი (სიონჰესი 9.14 მგვტ, საცხენჰესი 14 მგვტ, მარტყოფჰესი 3.84 მგვტ), ჩითახევჰესი (დადგმული სიმძლავრე 21 მგვტ), ორთაჭალჰესი (დადგმული სიმძლავრე 18 მგვტ), ზაჰესი (დადგმული სიმძლავრე 36.8 მგვტ), კინკიშაჰესი (დადგმული სიმძლავრე 1.4 მგვტ) და ჩხორჰესი (დადგმული სიმძლავრე 3.35 მგვტ); კომპანია აგრეთვე ფლობს და ამუშავებს გარდაბნის გაზის ელექტროსადგურს დადგმული სიმძლავრით 110 მგვტ.

გენერაციის გარდა, ს.ს. "ენერგო-პრო ჯორჯია" არის ელექტროენერგიის დისტრიბუციის ყველაზე მსხვილი კერძო მფლობელი. კომპანიის მომსახურების არეალი შეადგენს 47 265 კმ2 (ფარავს საქართველოს ტერიტორიის 70%) და ემსახურება 980 000 აბონენტს.