ოთარ დანელია - მიწის რეგისტრაციის პროცესი 2019 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მიწის რეგისტრაციის პროცესი სისტემური და სპორადული წესით, კანონით დადგენილი შეღავათებით 2019 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონში ცვლილებები გამარტივებული წესით განიხილეს.

ოთარ დანელიას განცხადებით, 2016 წლის 31 ივლისს ამოქმედებული საკანონმდებლო რეფორმის მიზანს წარმოადგენდა იმ სირთულეების აღმოფხვრა, რომლებსაც მიწის ნაკვეთების მფლობელები საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ.

კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა, მოიხსნა ის ბიუროკრატიული თუ ფინანსური ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა ამ პროცესში.

„წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს კანონის მოქმედების ვადა 2019 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდეს, რაც შექმნის იმის საფუძველს, რომ გაგრძელდეს მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში სისტემური და სპორადული წესით მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი, ამავე კანონით დადგენილი სპეციალური წესისა და შეღავათების გათვალისწინებით,“- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მომხსენებლის თქმით, რეფორმის გაგრძელება ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობის კუთხითაც მნიშვნელოვანი იქნება. მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაციის დასრულება შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მთავრობას, შეიმუშაოს სოციალური პროექტები, მიწის ადმინისტრირებისა და მიწათსარგებლობის ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს უწყვეტ ეკონომიკურ ზრდას სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის სექტორებში. ასევე, მთავრობას მიეცემა თანმიმდევრული საგადასახადო პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა, რომელიც მიწის რეალურ მესაკუთრეებზე იქნება ორიენტირებული. „რეფორმის დაწყებიდან 2018 წლის 15 ივნისამდე დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულია 500 ათსამდე (486 100) მიწის ნაკვეთი, რომლის ჯამური ფართობი შეადგენს 214 973 ჰა-ს,“- განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, სააგენტოს ყოველდღიურად წარედგინება 1500-დან 2000-მდე განცხადება, ცალკეულ დღეებში განცხადებების რაოდენობამ 5000-ს გადააჭარბა. ამჟამად სააგენტოში მიმდინარეობს 105 000 განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება.

„საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია 12 საპილოტე არეალი. ამ ეტაპზე სისტემური რეგისტრაცია განხორციელდა 7 საპილოტო არეალზე (ჯიმითი, მზისგული, არბოშიკი, არხილოსკალო, სალხინო, საგურამო, მანგლისი). საკადასტრო აზომვითი სამუშაოები შესრულდა 17 785 მიწის ნაკვეთზე, რომლის ჯამური ფართობი შეადგენს 7 915 ჰა-ს,“- განაცხადა ოთარ დანელიამ.

მომხსენებლის თქმით, სისტემური რეგისტრაციით ყველა საპილოტო არეალში საკადასტრო აზომვითი სამუშაოების დასრულება შესაძლებელი იქნება 2018 წლის 31 დეკემბრამდე.

„კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება მნიშვნელოვანია მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებების წარმატებით დასასრულებლად, ასევე, დაინტერესებული პირების მაღალი მიმართვიანობიდან გამომდინარე. ვადის გაგრძელება უზრუნველყოფს პირველადი რეგისტრაციის პროცესის დასრულებას და მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემების გასწორებას, რაც ხელს შეუწყობს მიწის ეფექტურ მართვას, საკუთრების უფლების დაცვას, სახელმწიფოს საპრივატიზაციო საქმიანობას და მიწის ბაზრის განვითარებას,“- აღნიშნა ოთარ დანელიამ.