ქართული წარმოების დაფასოებული თათარა მალე პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში, ჩინეთსა და რუსეთშიც გავა.სწორედ უცხოეთიდან დიდი მოთხოვნის გამო კომპანია „გრეიფმა “ პროდუქციის რაოდენობის გაზრდის მიზნით, 30%-იანი წილი გაასხვისა და 70 000 დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი დავით რამაზაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ამ ზაფხულს იგეგმება კიდევ 10%-ანი წილის გასხვისებაც, რითაც კომპანია დამატებით 30 000 დოლარის ინვესტიციას მიიღებს. გასხვისებიდან მიღებული თანხით კი, წარმოების გაფართოვება იგეგმება.
ქართული წარმოების თათარა ბაზარზე 2016 წლის აპრილიდან გამოჩნდა. აქტიური გაყიდვები კი ამავე წლის ივნისიდან დაიწყო. კომპანია აწარმოებს თანამედროვე ფორმის ჩურჩხელას და თათარას, რომელიც სპეციალურ ყალიბებშია ჩამოსხმული და სხვადასხვა ფორმა აქვს მიცემული. ამ ეტაპზე, სულ ხუთი სხვადასხვა სახეობა და შეფუთვაა.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ოქტომბერ-ნოემბერში კიდევ ერთი ტრადიციული ქართული პროდუქტი, განსხვავებული დასახელებით, ფორმითა და შეფუთვით გამოჩნდება. თუმცა, მეტი დეტალის გამხელისგან დავით თამაზაშვილი თავს იკავებს. მისი თქმით, აღნიშნული სახეობის წარმოება უკვე ახალ, წერეთელზე მდებარე იჯარით აღებულ ფართში მოხდება, რომელშიც კომპანია ივლისში გადავა.
რაც შეეხება ინვესტორებს, როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, 30%-ანი წლის მფლობელები ქართველები არიან, ისევე როგორც გასასხვისებელი 10%-ის პოტენციური მეწილე.
„მოთხოვნა-მიწოდებას ვერ ვაბალანსებდით. მუდმივად იზრდება მოთხოვნა უცხოეთში, ამიტომაც წარმოების გაფართოვების გამო წინა თვეში კომპანიის 30% გასხვისდა, რომლის მფლობელებიც ქართველი კერძო პირები არიან. განიხილებოდა უცხოელებიც, მაგრამ ადგილობრივებთან პარტნიორობა უფრო ხელსაყრელი აღმოჩნდა ჩემთვის. იგეგმება კიდევ ერთი პარტნიორის დამატება, რომელსაც გარდა თანხისა, შესაძლებლობა აქვს რუსეთის ბაზარზე გაიტანოს პროდუქციის დიდი მოცულობა. ალბათ, ამ ზაფუხულის პერიოდში ეს საკითხიც მოგვარდება.
რაც შეეხება ინვესტიციას, 30%-იანი წილის მეპატრონისგან დაახლოებით 70 000 დოლარი ჩაიდო, ხოლო, 10%-ის პოტენციური მეწილესგან დახლოებით 30 000 დოლარი კიდევ დაემატება. ანუ, ჯამში 100 000- იან ინვესტიციაზეა საუბარი“,-აცხადებს დავით თამაზაშვილი.
კომპანია ახალ ფართში გადასვლის შემდეგ, პროდუქციის რაოდენობის და ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს. ამასთან, დაემატება თანამშრომლებიც.
„იჯარით აღებული ფართი გაცილებით დიდია (300კვ.მ-ზე ცოტა მეტი). ვგეგმავთ წარმოების გაზრდასაც და უკვე ახალ ფართში გადასვლის შემდეგ, ყოველდღე 3000-3500-მდე შეფუთვა მომზადდება.
რაც შეეხება თანამშრომლებს, ამჟამად ჩემი ჩათვლით 6 ვართ, მაგრამ მომდევნო თვის დასაწყისში კიდევ 2 დაემატება. შემდეგ საჭიროებიდან გამომდინარე კიდევ შევხედავთ და დავამატებთ“,-აცხადებს დავით თამაზაშვილი.
მისი თქმით, საექსპორტო ბაზარი სულ უფრო ფართოვდება და უახლოეს მომავალში მათ პროდუქცია გავა როგორც პოლონეთში, ისე ბალტიის ქვეყნებში, ჩინეთსა და რუსეთში.
„ჩვენი პროდუქციის პირველი ნიმუში მოეწონათ ბალტიის ქვეყნებში და გამეორებას ველოდებით. ასევე მოწონება დაიმსახურა ჩინეთიდან, საიდანაც შეკვათა შემოდგომაზე გვექნება.
ამჟამად მცირე მოცულობები გადის ავსტრიაში, გერმანიაში. სავარაუდოდ, შემოდგომაზე პოლონეთშიც გავალთ. რაც შეეხება დიდი მოცულობებს, იგეგმება რუსეთში, ჩინეთისა და ბალტიის ქვეყნებში გატანა. თუ ექსპორტზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა, მაშინ საკუთარ საწარმოსაც ავაშენებთ“,-აცხადებს დავით თამაზაშვილი.
ნინი ქეთელაური