სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის - „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვი“-ს გადაწყვეტილებით, ბანკის სამეთვაყურეო საბჭოს ახალი, დამოუკიდებელი წევრი ირაკლი მანაგაძე გახდა.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილების საფუძველი, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაა.
„კომერციული ბანკების საქმიანობის“ შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს 2018 წლის 01 ივნისიდან აღარ აქვს უფლება, ეწეოდეს აღმასრულებელ საქმიანობას და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ „სამეთვალყურეო საბჭოს“ წევრმა, გიორგი კალანდარიშვილმა „სამეთვალყურეო საბჭოს“ თავმჯდომარეს, საბჭოს წევრობიდან გადადგომის შესახებ მიმართა, დაკმაყოფილდეს გიორგი კალანდარიშვილის განცხადება და იგი სრულად გათავისუფლდეს „სამეთვალყურეო საბჭოს“ წევრისთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობებისგან,“-აღნიშნულია განცხადებაში.
რაც შეეხება ირაკლი მანაგაძეს, ის ბანკის „სამეთვალყურეო საბჭოს“ დამოუკიდებელ წევრად 4 წლის ვადით აირჩიეს. როგორც ბანკის 75%-ზე მეტის აქციონერის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ირაკლი მანაგაძის ყოველთვიური დარიცხული ხელფასი 3,750 ამერიკული დოლარის ოდენობით განისაზღვრა.
რაც შეეხება მანაგაძის სამუშაო გამოცდილებას, 1998–2005 წლებში ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო. მანამდე, 1991 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ატაშეს თანამდებობაზე მუშაობდა; 1993 წელს საქმიანობა საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტში მთავარ სპეციალისტად გააგრძელა; 1993-1994 წლებში საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკის განყოფილების წამყვანი სახელმწიფო მრჩევლისა და სამდივნოს უფროსის თანამდებობას იკავებდა; 1994 წელს მუშაობდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის საერთაშორისო საფინანსო და ეკონომიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის სამდივნოში - ჯერ სახელმწიფო მრჩევლად, შემდეგ კი წამყვან სახელმწიფო მრჩევლად.
მანაგაძეს აქვს უცხოეთში მუშაობის გამოცდილებაც. კერძოდ, 1994 წლიდან 1996 წლამდე ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწის თანამდებობაზე, 1996-1998 წლებში კი - მსოფლიო ბანკის მეოთხე ევროპული დეპარტამენტის მუნიციპალური და სოციალური ინფრასტრუქტურის განყოფილების ინსტიტუციონალური სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. გარდა ამისა, გარკვეული 2005 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის ნოემრის ჩათვლით ის იყო EBRD-ის საფინანსო ინსტიტუტების დეპარტამენტის უფროსის მრჩეველიც პოლიტიკის საკითხებში. 2017 წლის იანვრიდან დღემდე კი მსოფლიო ბანკში კონსულტანტად მუშაობს.
მიმდინარე წლის 26 ივნისის რეესტრის ამონაწერით, „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე, წევრები კი - დავით შონია და ირაკლი მანაგაძე არიან. გენერალური დირექტორის თანამდებობას გიორგი კალანდარიშვილი იკავებს, დირექტორატის წევრები კი არიან: დავით ვერულაშვილი, ლევან თხელიძე, მამუკა კვარაცხელია, ლევან ლეკიშვილი და არმენ მატევოსიანი.