სავალუტო ჯიხურები რიგი ვალდებულებების დარღვევისთვის 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან

სავალუტო ჯიხურის რეგისტრაციისა და რეგულირების წესით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში სუბიექტი დაჯარიმდება.აღნიშნულის შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ბრძანებაშია აღნიშნული.

კერძოდ, ბრძანების თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის/ფილიალის მიერ „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესით“ განსაზღვრული პუნქტის/ფილიალის ვალდებულებების შეუსრულებლობა 2 000 ლარის დაჯარიმებას გამოიწვევს.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების ახალი წესი მიმდინარე წლის თებერვალში დაამტკიცა. ახალი წესის თანახმად, სავალუტო ჯიხურები 1-ლი მარტიდან ვალდებული გახდნენ მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში ვალუტის გადაცვლის შემდეგ თანხა უკან დაუბრუნონ.

გარდა ამისა, ახალი წესის თანახმად, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია ასახული უნდა იქნეს პროგრამულად და ამოიბეჭდოს შესაბამისი ქვითარი, რომელიც უნდა გადაეცეს კლიენტს.

ამასთან, ახალი წესით მათ შორის მკაცრდება, შესაფერისობის კრიტერიუმებისა და საოპერაციო ფართის მოწყობის კუთხით სარეგისტრაციო მოთხოვნები. კერძოდ, ახალი წესის თანახმად, პუნქტის რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებული პირის მიერ სებ-ში წარდგენილ განცხადებას თან უნდა ერთოდეს: დირექტორის და ბენეფიციარი მესაკუთრის/მესაკუთრეების პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი; ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და რეგისტრატორის მიერ გაცემული ამონაწერი როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის/მესაკუთრეების შესახებ; დირექტორის, აქციონერის/პარტნიორის და ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლეობის თაობაზე ცნობის დედანი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის გაცემიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნების შემთხვევაში – 60 კალენდარულ დღეს.

ასევე სავალუტო ჯიხურის რეგისტრაციისთვის საჭიროა: ვალუტის გადაცვლის ოპერაციების აღსარიცხავად, სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულება; შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურთან დაცვის საგანგაშო ღილაკის მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, საგანგაშო ღილაკის დამონტაჟების შეუძლებლობის შემთხვევაში - შესაბამისი ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან; გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტის ასლი, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს იმ დაინტერესებული პირის მიერ, რომელსაც სურს ვალუტის გადაცვლის საქმიანობა აწარმოოს თბილისის, თელავის, სიღნაღის, გურჯაანის, რუსთავის, მარნეულის, გარდაბნის, გორის, კასპის, ხაშურის, ბორჯომის, ახალციხის, ახალქალაქის, სამტრედიის, ქუთაისის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, ოზურგეთის, ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციულ საზღვრებში და სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

იხილეთ ამავე თემაზე : რა იცვლება სავალუტო ჯიხურების მეპატრონეებისა და მომხმარებლებისთვის