საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიუთითებს, რომ ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშს გამოეხმაურა.„2018 წლის 27 ივნისს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი დაამტკიცა, რომელიც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა საქართველოს 3 - წლიანი პროგრამის მეორე მიმოხილვის.
მინდა ყველა დაინტერესებულ პირს მოვუწოდო, გაეცნოს ამ დასკვნას, ვინაიდან იქ არის ნათლად ასახული ის გამოწვევები, რაც დგას დღეს ჩვენს წინაშე, ამავე დროს არის ნათლად ასახული ის, რომ რეფორმები რასაც ჩვენ ვახორციელებთ, არის სრულ თანხვედრაში იმ გამოწვევებთან, რაც დღეს არის ჩვენი ეკონომიკის წინაშე.
სავალუტო ფონდი ასევე მიუთითებს, რომ ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალია, გაუმჯობესებულია ფისკალური და საგარეო პარამეტრები. მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა სტრუქტურული რეფორმების გატარების თვალსაზრისით. ამავე დროს ფონდი ერთმნიშვნელოვნად მიესალმება ეკონომიკური ზრდის მხარდამჭერ სტრუქტურულ რეფორმებს, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ. ჩვენ ველით, რომ ასეთივე პოზიტიური იქნება მომდევნო ანგარიშიც და მხარდაჭერილი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე ორიენტირებული სტრუქტურტული რეფორმები, რაც საშუალოვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.