„ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ ეკონომიკაში გვქონდეს გამოუყენებელი აქტივები და შესაძლებლობები"

კომპანიებისთვის საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა ხელს შეუწყობს, რომ ამ კომპანიებმა ახალი სიცოცხლე შეიძინონ და დაუბრუნდნენ აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.მისი თქმით, აღნიშნულ ინიციატივას საქართველოს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

„მინდა ვისაუბრო ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივაზე, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზეა წარმოდგენილი. ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტშიც ვისაუბრე. ეს შეეხება საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იძულებულები იყვნენ შეეჩერებინათ კომერციული საქმიანობა საგადასახადო დავალიანებების გამო. ამ დავალიანებების დიდი ნაწილი დარიცხულია 2011-2012 წლებში. იქედან გამომდინარე, რომ შეგვენარჩუნებინა სისტემური მიდგომა, მივიღეთ გადაწყვეტილება და ინიციატივა გულისხმობს საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას 2013 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იძულებულები იყვნენ შეეჩერებინათ საქმიანობა საგადასახადო დავალიანების გამო. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეკონომიკაში გვქონდეს გამოუყენებელი აქტივები და გამოუყენებელი შესაძლებლობები. აღნიშნული ნაბიჯი ხელს შეუწყობს, რომ ამ კომპანიებმა ახალი სიცოცხლე შეიძინონ, დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნას და დაუბრუნდნენ აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას“, - განაცხადა ბახტაძემ.