ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი არჩილ იაკობაშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„სახელმწიფო არ არის გამნაწილებელი, სახელმწიფო არის ავტორიტეტი და შექმნის პროცესში უსაფრთხოების გარანტორი;
- შექმნას სჭირდება კაპიტალინტენსიური შრომა - ე.ი. მეტი კაპიტალის, კვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალის კომბინაცია, და არა, პირიქით.
- ვერ გადანაწილდება ის, რაც არ არის შექმნილი;
- ვერ გადანაწილდება ის, რისი შექმნაც ჰიპოთეტურად არის მომავლისთვის დაგეგმილი;
- გადანაწილდება მხოლოდ იმ ვალზე მომსახურება, რომელიც გადანაწილების ქვაბის (ე.წ. სოციალური ტორტის) შესავსებად შეიძლება აიღოს სახელმწიფომ უპასუხისმგებლო ხელისუფლების (საკონსტიტუციო უმრავლესობის, კლანურ-მაფიოზური მთავრობის) პირობებში;
- სახელმწიფოს მიერ გამომცხვარ სოციალურ ტორტზე წვდომა აჩენს იდაყვის და ჩასაფრების მენტალიტეტს სოციუმში ყველა შესაძლო რადიკალური შედეგით (ნაციონალიზმი, ფანატიზმი, ბულინგი, დოგმები, სტიგმები);
- სახელმწიფოს მიერ სამართლიანობის დამყარებაზე გაწეული ხარჯები წარმოშობს უფრო მეტ უსამართლობას;
- იზრუნე მხოლოდ შანსის თანასწორობისთვის, რომ ყველამ შეძლოს შექმნაში მონაწილეობა," - წერს იაკობაშვილი.