თბილისი რუსთავს ავტობანით დაუკავშირდება

თბილისი რუსთავს 2015 წლის ბოლომდე ავტობანით დაუკავშირდება. ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა.

პროექტის შესახებ მთავრობის მეთაურს ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა გიორგი მღებრიშვილმა მიაწოდეს.

მათი ინფორმაციით, ახალი ავტომაგისტრალის დასრულების შემდეგ, თბილისიდან რუსთავამდე მგზავრობას 15 წუთი დასჭირდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მშენებლობაზე დასაქმებულებსაც გაესაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, გარდა იმისა, რომ ავტობანი მუდმივი საცობებისა და ავარიული სიტუაციების საფრთხეს მოხსნის, პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ მშენებლობაზე 200-მდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.

ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედმა" 22 აპრილს დაიწყო. მშენებლობა 17 თვეში უნდა დასრულდეს.