ეკონომიკის მინისტრი „ვიზეარის“ გაუქმებულ რეისებზე - მთავარი მგზავრების უსაფრთხოებაა, გადაწყვეტილებას იღებს ავიაკომპანია და ამაში ვერავინ ჩაერევა

მთავარი მგზავრების უსაფრთხოებაა, გადაწყვეტილებას იღებს ავიაკომპანია და ამაში ვერავინ ჩაერევა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ჩერქეზიშვილმა განაცხადა.მინისტრი გამოეხმაურა კომპანია „ვიზეარის“ ორ გაუქმებულ რეისს, რომელიც ქუთაისიდან ბარსელონას და ბარსელონადან ქუთაისის მიმართულებით უნდა შესრულებულიყო.

“პრესასა და სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილებოდა კომპანია “ვიზეარის“ რეისის საკითხი. ქუთაისიდან გაფრენამდე ტექნიკური გაუმართაობის გამო მოხდა მგზავრების გადმოყვანა თვითმფრინავიდან. თუმცა, მანამდე გარკვეული ვადა დასჭირდა ტექნიკურ მხარეს, შეძლებდა თუ არა თვითმფრინავი გაფრენას, ამის შემდეგ კი მგზავრები გადმოიყვანეს თვითმფრინავიდან და მათი ნაწილი გადანაწილდა ქუთაისის სასტუმროებში, ხოლო ნაწილი დაბრუნდა თბილისში. ამ საკითხში აეროპორტების გაერთიანებაც იყო ჩართული. კომპანიის მხრიდან ასევე არანაირი პრობლემა არ შექმნილა წყალთან და საკვებთან მიმართებაში. ასევე, მოქალაქეებს შესთავაზეს ალტერნატივა, იმავე დღეს სხვა რეისით გაფრენა, ან გრაფიკების მიხედვით განაწილება. ამ პრობლემამ ასევე გამოიწვია ბარსელონას მხრიდან იმავე რეისის გაუქმება, რომელიც უკან უნდა წამოსულიყო. იქ უკვე კომპანიის და ესპანური მხარის ჩართულობით ყველა ადამიანი იქნა გადანაწილებული სასრტუმროებში“, - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

მინისტრის თქმით, ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ავიაკომპანია და მისი ტექნიკური ჯგუფი იღებს და მათთვის მთავარი მგზავრების უსაფრთხოებაა, შესაბამისად, ამ საკითხში ვერავინ ჩაერეოდა.

რაც შეეხება მგზავრების კონკრეტულ პრეტენზიებს, როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, საქართველოს საკონსულო ჩართულია საკითხის მოგვარებაში და კონკრეტული მგზავრების განცხადებებითაც მოხდება დაინტერესება.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინფორმაციით, ავიაკომპანია „ვიზეარის“ რეისი, რომლითაც საქართველოში უნდა დაბრუნებულიყვნენ, გაურკვეველი ვადით გადაიდო. მოქალაქეები საქართველოს საკონსულოს უმოქმედობაში ადანაშაულებენ.