თბილისში ახალი გეზი გაიხსნა

თბილისში თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე ახალი გეზი გაიხსნა.

გაფორმების ეკონომიკური ზონა "თბილისი 2" , გახსნის პირველივე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან და შემოსავლების სამსახურის უფროს ირაკლი გვარამაძესთან ერთად მოინახულა.

სამშენებლო სამუშაოები 2013 წლის 5 ნოემბერს დაიწყო და პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 4,5 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნული ობიექტის მშენებლობაზე 120 პირი იყო დასაქმებული.

გეზი "თბილისი 2" თანამედროვე სტილის შენობა-ნაგებობაა, რომელიც კომბინირებული მეთოდით - ლითონისა და რკინაბეტონის ელემენტებითაა აგებული. გამოყენებულია ასევე ცეცხლმედეგი მასალებიც.

ახალი გეზი აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ელექტრონული საშუალებებით, სატვირთო ავტომანქანების 4 მისადგომითა და ტვირთის საბაჟო დამუშავებისთვის განკუთვნილი რამპით. რამპის პლატფორმის ფართობი 1157 კვ.მ, ხოლო სასაწყობე ფართი - 350 კვ.მ-ს შეადგენს.

გააჩნია სპეციალურად დაგეგმარებული ავტოსადგომი და შესაბამისად, ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მეწარმემ კომფორტულ გარემოსა და უმოკლეს დროში შეძლოს საბაჟო გაფორმებისთვის საჭირო ისეთი პროცედურების განხორციელება, როგორიცაა: საბაჟო დეკლარაციის შევსება, ტვირთის გაფორმება, დათვალიერება, წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრა, ლაბორატორიული კვლევა, ფიტოსანიტარიული, ვეტერინარული თუ პროდუქციის სხვა სერტიფიცირება, ექსპერტიზის ჩატარება.

სრულყოფილი დატვირთვის შემთხვევაში, გეზი "თბილისი 2" დღის განმავლობაში 200-მდე მეწარმეს მოემსახურება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გეზი "თბილისის" დატვირთვას.