საერთაშორისო სავალუტო ფონდი იზიარებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს, რომელიც მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას,- ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასების კომენტირებისას, ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე პროგრამა სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს და მხარს უჭერს ქვეყანას მის მიერ დასახული მიზნების მიღწევაში.
„ჩვენ ძალიან წარმატებული პროგრამა გვაქვს სავალუტო ფონდთან. პროგრამის მეორე მიმოხილვაში ხაზგასმულია ქვეყანაში მიღწეული პროგრესი და ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯები. საერთაშორისო სავალუტო ფონდი იზიარებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს, რომელიც მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას, ეკონომიკურ რეფორმებს, სადაც კერძო სექტორს ექნება მნიშვნელოვანი როლი. ჩვენი პარტნიორები სავალუტო ფონდში დადებითად აფასებენ მთავრობის ფისკალურ პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია მიმდინარე ხარჯების კონტროლზე, ხოლო გამოთავისუფლებული ხარჯები მიმართულია კაპიტალური ხარჯების ზრდის, დღგ-ს ზედმეტობების დაბრუნების და ფისკალური დეფიციტის შემცირებისკენ. ჩვენ გვაქვს ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების აშკარად გამოკვეთილი ტენდენცია, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოს და ქმნის ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდის საფუძველს. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის ზედმეტობის დაბრუნებას, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში 6 თვის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტრომ უკვე დააბრუნა 226 მილიონი ლარი და ეს მაჩვენებელი უკვე აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს, რომელიც თავის მხრივ ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო“, - განაცხადა გაგუამ.