„ეკონომიკური ზრდის ასეთი მაღალი მაჩვენებელი 10 წელია არ გვქონია“ - რა ფაქტორებს უკავშირებენ ექსპერტები ეკონომიკის 7,5%-იან ზრდას მაისში

საგარეო ვაჭრობასა და ბიზნესის ბრუნვის ზრდას უკავშირებს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა“ ასოციაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მაისში ეკონომიკის მაღალ ზრდას.მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა ბოლო წლებში, რომელიც ბიზნესის კეთილდღეობაზეა მორგებული და სწორედ ასეთმა ლოიალურმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ბიზნეს სექტორის ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა.

შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 7,5%-ით გაიზარდა, 2018 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ კი 6,1% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა არ დაფიქსირებულა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის მაისში ეკონომიკის 5.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა; 2016 წლის მაისში - ეკონომიკა 2,1%-ით გაიზარდა; 2015 წლის მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,1%; 2013 წელს კი - 0.0% შეადგინა. რაც შეეხება 2014 წელს, აღნიშნული პერიოდის მონაცემი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე არ მოიპოვება.

„მაისში ეკონომიკის 7,5%-იან ზრდას ძირითადად ორი ფაქტორი განაპირობებს. ზოგადად რეგიონში არის გაჯანსაღებული ეკონომიკური მდგომარეობა, რაც რა თქმა უნდა, აისახა ჩვენს საგარეო ვაჭრობაზე, მათ შორის გაზრდილია ექსპორტის მაჩვენებელიც, რამაც ბუნებრივია, მაისში ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა იქონია.

გარდა ამისა, გაზრდილია საწარმოთა ბრუნვაც და ამ მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლების მიდგომა და პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, შემიძლია მოვიყვანო ბოლო პერიოდში განხორციელებული დღგ-ს ავტომატური დაბრუნების რეფორმა; მცირე და საშუალო ბიზნესის რეფორმა; ასევე ცოტა უკან რომ წავიდეთ, ეკონომიკურ ზრდაში თავისი წვლილი აქვს წინა მთავრობის პერიოდში ამოქმედებულ ესტონურ მოდელს, რამაც თავისი შედეგი უკვე დადო და რეინვესტირებული მოგება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი,“ - აღნიშნა გვიდიანმა.

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდისა და სოციალური ფონის კავშირს, გვიდიანი აღნიშნავს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდით გამოწვეულ კეთილდღეობას მოქალაქეები გრძელვადიან პერსპექტივაში იგრძნობენ.

„ეკონომიკურ ზრდას მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში არ უნდა შევხედოთ. ნებისმიერი ეკონომიკური თეორიის თანახმად, მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში სოციალური უთანასწორობის გაზრდას იწვევს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში მაღალი ეკონომიკური ზრდა სოციალურ ფონთან თანაფარდობაში მოდის. შესაბამისად, წლების განმავლობაში რაც უფრო მაღალია ეკონომიკური ზრდა, ეს ნელ-ნელა, ეტაპობრივად იწვევს თითოეულ მოქალაქეზე იმ სიკეთეების განაწილებას რაც ზოგადად მაღალი ეკონოკურ ზრდას მოაქვს,“-აცხადებს გვიდიანი.

სტატისტიკოსის სოსო არჩვაძის შეფასებით, მშპ-ს ასეთი მაღალი ზრდის მაჩვენებელი 10 წელიწადზე მეტია არ დაფიქსირებულა. როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ბოლოს ყველაზე მაღალი, 10%-ზე უფრო მაღალი ზრდა იყო 2007 წელს, თუმცა ეს წლიური ეკონომიკური მაჩვენებელი იყო.

კითხვაზე, ეკონომიკური ზრდა რატომ არ აისახა მოსახლეობაზე, ეკონომიკის დოქტორი ამბობს, რომ ერთია ეკონომიკური ზრდა და მეორე, მისი კავშირი მოსახლეობის კეთილდღეობასთან.

„ეკონომიკა იზრდება ვაჭრობის ან ტრანსპორტში სფეროში, სოფლის მეურნეობაში კი, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილია დასაქმეული - არა, მეტიც, აქ შემცირებას აქვს ადგილი. ასეთ შემთხვევაში კი ამ ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.

თაია არდოტელი