შეფუთული მზა საკვების მწარმოებელი კომპანია „ნაციონალური დელიკატესი“ ადგილობრივი ბაზრის გარდა უკვე ლიტვასა და რუსეთში იყიდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ აპირებენ საექსპორტო ბაზრების გაფართოებას. დაინტერესებაა როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ევროპიდან.
„ნაციონალური დელიკატესი“ ბაზარზე ერთი წლის წინ გამოჩნდა. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს 8 დასახელების მზა კერძს სთავაზობს. მათ შორისაა - ბრინჯი ძროხის ხორცით, ქათმის ჩახოხბილი, სუპ ხარჩო, ლობიო ლორით, ლობიო, აჯაფსანდალი, სოკო ტარხუნით, სუპი ბროკოლით და სიმინდით .
„ბაზარზე 2017 წელს გამოვედით. თავდაპირველად სულ სხვა პროდუქტი და შეფუთვა გვქონდა. გავეცანით ხალხის მოთხოვნებს, კვლევები ჩავატარეთ, გაყიდვებს დავაკვირდით და მივხვდით ქართველ მომხმარებელს, რაც სჭირდება. ამის შემდეგ ახალი ასორტიმენტი შევადგინეთ. საბოლოოდ, 8 პროდუქტზე ჩამოვყალბდით. ესენია - ბრინჯი ძროხის ხორცით, ქათმის ჩახოხბილი, სუპ ხარჩო, ლობიო ლორით, ლობიო, აჯაფსანდალი, სოკო ტარხუნით, სუპი ბროკოლით და სიმინდით.
4 კერძი გვაქვს ხორციანი და 4 ვეგეტარიანული. გარდა ამისა, ახალი შეფუთვა გავაკეთეთ და გემოც დავხვეწეთ.
ქართველ მომხმარებელს განსაკუთრებით უყვართ ბრინჯი ძროხის ხორცით და ქათმის ჩახობილი. ასევე მოთხოვნადია ჩვეულებრივი ლობიო. ვიცოდით, რომ ქართველებს ლობიო უყვარდათ, მაგრამ ასე თუ უყვარდათ, არ ვიცოდი“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ნაციონალური დელიკატესის“ დირექტორმა ოთარ სიმონიშვილმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე პროდუქცია გადის რუსეთსა და ლიტვაში, თუმცა დაინტერესება სხვა ქვეყნებიდანაც არის, მაგალითად,- ყაზახეთიდან, გერმანიიდან, ესტონეთიდან, უნგრეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. „ამ დროისთვის აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ყაზახეთსა და გერმანიასთან“, - განაცხადა სიმონიშვილმა
რაც შეეხება თავად პროდუქტის, „ნაციონალური დელიკატესის“ შენახვის ვადა მინიმუმ 2 თვეა, შესაბამის ტემპერტურაზე შენახვის შემთხვევაში კი ვადა 3-4 წლამდე ხანგრძლივდება.
„ჩვენი ტექნოლოგიით დამზადებულ პროდუქტს ვადა მინიმუმ ორ წელი აქვს. თუ პროდუქტი შენახული იქნება 25 გრადუსამდე შენახვის ვადა 2 წლამდე ექნება. ხოლო თუ პროდუქტს უფრო დაბალ ტემპერატურაზე შევინახავთ, შენახვის ვადა 3-4 წლამდე გახანრძლივდება. ეს ყველაფერი მრავალჯერ გამოცდილი ტექნოლოგიითაა დადგენილი.“ - აღნიშნა სიმონიშვილმა
ამასთან, „ნაციონალური დელიკატესის“ პროდუქტების მომზადება მის მხოლოდ შეთბობას გულისხმობს. ეს ორნაირადაა შესაძლებელი: 1. გააცხელეთ მიკროტალღურ ღუმელში 2 წუთის განმავლობაში; გახცელებამდე აუცილებელია პაკეტს თავი მოაჭრათ, რადგან არ გასკდეს. 2. პაკეტი მოათავსეთ ცხელი წყლით სავსე ქვაბში; რაც უფრო ცხელია წყალი, მით უფრო მეტად და სწრაფად გაცხელდება პროდუქტი. ამ შემთხვევაში, არ არის საჭირო პაკეტის მთლიანობის დარღვევა.
კომპანიის პროდუქტები იყიდება თბილისში, ბათუმსა და რუსთავში. თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ სექტემბრიდან სხვა რეგიონების ათვისებასაც აპირებენ.
ლიკა ამირაშვილი