ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ ისეთი სატენდერო პირობები, რომელიც მოქალაქეების ინტერესზე და ბიუჯეტზე იქნება მორგებული,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე ავტობუსების შესყიდვის თაობაზე გამოცხადებული ტენდერის საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტი კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მან ოპოზიციას მათ მიერ ჩატარებული ტენდერები შეახსენა, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი ინტერების გათვალისწინებით ატარებდნენ.
“ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და ვცდილობთ მივიღოთ ისეთი სატენდერო პირობები, მათ შორის ავტობუსებთან დაკავშირებით, რომელიც მორგებული იქნება დედაქალაქზე, მოქალაქეების ინტერესებზე და ბიუჯეტზე. ჩვენ 100 ავტობუსსაც შემოვიყვანთ და უფრო მეტიც, 700-მდე ავტობუსის ჩანაცვლებას ვაპირებთ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში. ასე რომ, ყველაფერი გეგმაზომიერად მოხდება და საბოლოოდ მივიღებთ სწორედ ისეთ ტენდერს, რომელიც მისაღები იქნება როგორც კერძო სექტორისთვის, ასევე თბილისის მოსახლეობისთვის და დედაქალაქის ბიუჯეტისთვის“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.