როგორ შეიცვალა მინისტრობისას სუბარის ქონება, რომელიც მთავრობის ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ ჯერჯერობით არ საუბრობს.თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ახალ მთავრობაში მინისტრის პოსტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აღარ დაიკავებს. ამის შესახებ სუბარმა თავად განაცხადა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ როგორ შეიცვალა სოზარ სუბარის ქონება მინისტრობისას.

აღსანიშნავია, რომ ის 2012 წლიდან ორ სამინისტროს ხელმძღვანელობდა. კერძოდ, 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2014 წლს 22 ივლისამდე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად; 2014 წლის 26 ივლისიდან ამ დრომდე კი იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პოსტს იკავებს.

მინისტრობისას, 1-ლი ქონებრივი დეკლარაცია სუბარს 26 დეკემბერს აქვს შევსებული, რომლის თანახმადაც, მინისტრის სახელზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ფიქსირდება.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე მას - 601 დოლარი და 6 200 ლარი ჰქონდა. აღნიშნულ 2 თვის პერიოდში სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე სუბარის შემოსავალი 11 389 ლარი იყო.

დეკლარაციის მიხედვით, მის სახელზე იყო რეგისტრირებული 140000 დოლარის ოდენობის სესხი ბინის შესაძენად, ასევე საცხოვრებელი ბინის ნასყიდობისა და საცხოვრებელი სახლის გაჩუქების ხელშეკრულება.

სოზარ სუბარს ჰყავს მეუღლე და 3 შვილი. რაც შეეეხება მის მეუღლეს, დეკლარაციის მიხედვით, 2013 წელს ის ფლობდა 2 500 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დმანისში; 187.90 კვ. მეტრის ბინას თბილისში, რომელიც 2013 წელს 190 000 დოლარად შეიძინა და 180 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლს დმანისში.

მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე 1 000 ლარი ჰქონდა. რაც შეეხება შემოსავალს, ააიპ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტში მედია პროექტების მენეჯერად მუშაობისას სოზარ სუბარის მეუღლის წლიური შემოსავალი 19 138.90 ლარი იყო.

ბოლო, 2018 წლის 30 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით კი, სოზარ სუბარის სახელზე უძრავ-მოძრავი ქონება ისევ არ ფიქსირდება. მის ფინანსურ მდგომარეობას რაც შეეხება, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 2 191 ლარი და 5 191,63 დოლარი ჰქონდა.

დეკლარაციის მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში უკვე იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრობისას მისმა შემოსავალმა 75 000 ლარი; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექტორობისას კი 2016 წლის 1-ლი თებერვლიდან 30 ივნისამდე პერიოდში - 2 475 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება მინიტრის მეუღლეს, დეკლარაციის მიხედვით, ის იგივე უძრავ ქონებას ფლობს, რასაც 2013 წელს, თუმცა შეცვლილია ზოგიერთი მათგანის ფართობი.

კერძოდ, 2018 წლის დეკლარაციის მიხედვით, სოზარ სუბარის მეუღლის საკუთრებაში იყო 2 499 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი დმანისში; 187,9 კვ. მეტრის ბინა თბილისში, რომელიც 2013 წელს 190 000 დოლარად შეიძინა და 139 კვ. მეტრის საცხოვრებელი სახლი დმანისში.

მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე - 2 732 ლარი ჰქონდა. მისმა წლიურმა შემოსავალმა კი საზოგადოებრივ მაუწყებელში შტატგარეშე თანამშრომლად, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის პროდიუსერად მუშაობისას 17 500,01 ლარი შეადგინა.