რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბინის შეძენისას

თბილისს წლიდან წლამდე ათობით ახალი საცხოვრებელი კორპუსი ემატება.მშენებლების ნაწილი სარეკლამო კამპანიის დროს ყურადღებას გამწვანებასა და სარეკრეაციო ზონაზე ამახვილებს, ზოგიერთი – სიმყუდროვეზე, ადგილმდებარეობაზე და სხვა მახასიათებლებზე, თუმცა საინტერესოა, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბინის შეძენისას და რომელია ის ძირითადი კრიტერიუმები, რომელსაც საცხოვრებელი კორპუსი უნდა აკმაყოფილებდეს. ამ კითხვებით Allnews.ge-მ არქიტექტორ თამაზ დოგრაშვილს მიმართა.

დოგრაშვილის განმარტებით, დედაქალაქის კლიმატური ზონა ითხოვს, რომ ბინა იყოს განიავებადი და ჰაერს მოძრაობის საშუალება ჰქონდეს. გარდა ამისა, საჭიროა, რომ ბინაში მზის სხივები აღწევდეს, განსაკუთრებით კი საძინებელში, რომელსაც არქიტეტორის თქმით, რეკომენდებულია მზის სხივები დღეში 1 საათისა და 25 წუთის განმავლობაში მაინც ხვდებოდეს.

"გარდა ამისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეკრეაციას. მაგალითად, წარსულ გამოცდილებაზე რომ ვისაუბრო, საბჭოთა პერიოდში, საცხოვრებელი კორპუსის თითოეულ მცხოვრებზე მოდიოდა შენობის მიმდებარედ 4 კვ მეტრი ფართობი, კორპუსის მცხოვრებთა რაოდენობის მიხედვით ეს ტერიტორია ჯამდებოდა და ნაწილდებოდა სარეკრეაციო ზონისთვის, სპორტული მოედნისთვის, ავტომობილის გასაჩერებლად და სხვადასხვა დანიშნულებისთვის. ეს არის სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნა.

სამწუხაროდ, დღეს რომ ქალაქის განვითარებას ვაკვირდები, ის ნორმატივები, რომლებიც სავალდებულოა განიავების, სიწყნარისა თუ სახანძრო უსაფრთხოების გათვალისწინებით, ძირითად შემთხვევებში დარღვეულია.  ასევე, აუცილებელია, რომ შენობას სახანძრო მანქანა მიუდგეს.

დღეს ყიფშიძის ქუჩაზე, ვაკის თანამედროვე ათვისებულ რაიონებში, ისეთი ვითარებაა, ღამის საათებში ხანძარი რომ გაჩნდეს და სახანძრო მანქანა შენობას რომ მიუახლოვდეს, გზად უამრავმა მსუბუქმა ავტომობილმა ადგილი უნდა მოინაცვლოს და წარმოიდგინეთ, ხანძრის პერიოდში ეს როგორ ქაოსს ქმნის", - განმარტა მან.

გარდა ამისა, ვისაც ახალ აშენებულ კორპუსში ბინის შეძენა სურს, არქიტექტორი თამაზ დოგრაშვილი ურჩევს, რომ ყურადღება სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემებზე გაამახვილონ, რომელიც, მისი შეფასებით, დედაქალაქში პრობლემას წარმოადგენს.

"ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ატმოსფერული ნალექებისა და სხვა წყაროებიდან წამოსული წყლის სანიაღვრე სისტემიდან გადინება. ახლა სანიაღვრე მეურნეობა მოუწესრიგებელი გვაქვს. მას ვერტიკალური გეგმარების დროს სჭირდება სპეციალური დაპროექტება, რომელიც თითქმის დავიწყებულია. იხილეთ სრულად