საქართველოს "როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლები ეწვევიან

საქართველოს, 15 ივნისს რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყების – "როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლები ეწვევიან.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ისინი სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, ხილისა და ბოსტნეულის საექსპორტო პარტიების ფიტოსანიტარიულ კონტროლს ჩაატარებენ. აღნიშნული პროცედურა სატრანსპორტო საშუალებებში პროდუქციის ჩატვირთვამდე განხორციელდება.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რუსეთში საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალს მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის მქონე მცენარეული წარმოშობის ქართული პროდუქტი - ახალი კარტოფილი (გარეცხილი, სამომხმარებლო შეფუთვით), პომიდორი, კიტრი, კომბოსტო, ბადრიჯანი, ბალი, ალუბალი, გარგარი, ატამი, ქლიავი, ხურმა, კივი, კენკროვნები მიმდინარე წლის 26 მაისიდან დაემატა.