ელექტრონული სიგარეტი - საწამლავი, რომელიც უპრობლემოდ ვრცელდება!

”ელექტრონული სიგარეტიც, უამრავ დაავადებას იწვევს და ხშირ შემთხვევაში, სიკვდილსაც”.

"დღეს თინეიჯერებს შორის საკმაოდ პოპულარულია ე.წ. ელექტრონული სიგარეტი. შეიქმნა მითი, ილუზია, რომ ელექტრონული სიგარეტი მავნებელი არ არის, მაგრამ მისი ტოქსიკურობის დონე სპეციალისტებში უკვე შეშფოთებას იწვევს",- ამბობს "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე.

ბახტურიძეს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მიერ თამბაქოს ნაწარმის გაკონტორლება აუცილებელია. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც საკმაოდ ძველ, მაგრამ ამოუწურავ თემას- თამბაქოს მავნებლობას ეხება:

- საქართველოში 2005 წლიდან შეჩერდა კანონი თამბაქოს ლიცენზირების შესახებ. ეს კანონი 2010 წელს საერთოდ გაუქმდა და ჩვენს ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმზე არანაირი რეგულაცია აღარ მოქმედებს, არ არსებობს სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც გააკონტროლებს როგორც ნედლეულის, ასევე თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობას. მე შეგნებულად არ ვახსენებ სიტყვა "ხარისხს", რადგან ხარისხიანი სიგარეტი არ არსებობს. წლების განმავლობაში უტილიზაციას დაქვემდებარებული ნედლეული შემოდიოდა თურქეთიდან, მერე კი ხდებოდა მისი გადამუშავება, ლამაზად შეფუთვა და რეალიზაცია. ძირითადად, მომხმარებელმა არაფერი იცის იმ ქიმიური ნივთიერებებისა და დანამატების შესახებ, რომელსაც თამბაქოს ინდუსტრია იყენებს. ეს დანამატები გამოიყენება სიგარეტისთვის სასიამოვნო გემოს მისანიჭებლად და ნარკოტიკული ბუნების გასაძლიერებლად. მათი მარკეტინგული გათვლები მიმართულია ახალგაზრდებისა და ბავშვებისაკენ, რომლებიც სავსებით გაუცნობიერებლად დამოკიდებულნი ხდებიან ნარკოტიკზე, რომელსაც თამბაქო ჰქვია.

-ბატონო გიორგი, თქვენ ამბობთ, რომ ბოლო წლებში ძალიან გავრცელდა ე.წ. ელექტრონული სიგარეტი. ბევრი ფიქრობს, რომ ის მავნებელი არ არის, უფრო მეტიც - მოწევისათვის თავის დანებებასაც უწყობ ხელს. ამის შესახებ რას გვეტყოდით?

- საქართველოში მართლაც ინტენსიურად მიმდინარეობს ჩვეულებრივი თამბაქოს ელექტრონული სიგარეტით ჩანაცვლების პროცესი. ზოგს მართლაც ჰგონია, რომ ამ გზით მოწევას თავს დაანებებს, მაგრამ ყველა სახის თამბაქოს ნაწარმი და მათ შორის, ელექტრონული სიგარეტიც, უამრავ დაავადებას იწვევს და ხშირ შემთხვევაში, სიკვდილსაც. ელექტრონული სიგარეტი ნელ-ნელა შემოდის მოდაში, მაგრამ ის სულაც არ არის თამბაქოსთვის თავის დანებების საშუალება, როგორც მას რეკლამას უწევენ. ეს არის მოდერნიზებული თამბაქოს ნაწარმი, რომელიც ნიკოტინთან ერთად შეიცავს ქიმიურ დანამატებს, რომლებიც მომწამვლელია ადამიანის ორგანიზმისათვის. შესაბამისად, ელექტრონული სიგარეტიც რეგულაციის ფარგლებში უნდა მოექცეს და უნდა აიკრძალოს მისი რეკლამა და პოპულარიზაცია. ასევე უნდა აიკრძალოს მისი მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ ელექტრონული სიგარეტი ისევე ვნებს გარშემო მყოფებს, როგორც მწეველებს. შესაბამისად, გარემოსთვისაც დიდი ზიანი მოაქვს. საუბედუროდ, ელექტრონული სიგარეტი თანდათან ძალზე პოპულარული ხდება თინეიჯერებსა და გარდამავალი ასაკის ბავშვებს შორის. თუ ადრე ხელში "მარლბორო" არ გეჭირა, ეს "გოიმობა" იყო, ახლა კი ელექტრონული სიგარეტი თუ არ გაქვს, ეს ნიშნავს "გოიმობას". მით უმეტეს, რომ დღეს ელექტრონული სიგარეტი საკმაოდ იაფია - 7-8 ლარად იყიდით მოწყობილობას, ხოლო 3-4 ლარი კარტრიჯი ღირს. უბედურება კი ის არის, რომ ბავშვები და მოზარდები მოწევას იწყებენ ელექტრონული სიგარეტით, მასზე დამოკიდებულნი ხდებიან და მერე, როცა საამისო თანხა არა აქვთ, ჩვეულებრივ თამბაქოზე გადადიან.

-თუ აქვს რაიმე უპირატესობა ელექტრონულ სიგარეტს ჩვეულებრივთან შედარებით?

- ერთადერთი დადებითი მხარე ელექტრონული სიგარეტის მოხმარებისა არის ის, რომ მისი მოწევისას მხუთავი აირი არ გამოიყოფა იმიტომ, რომ ის ქაღალდში არ არის შეფუთული. რა თქმა უნდა, ამ ტიპის სიგარეტის მავნებლობაზე თამბაქოს ინდუსტრია ხმას არ იღებს იმიტომ, რომ ბევრმა კომპანიამ უკვე შეისყიდა ეს ბიზნესი და ელექტრონული სიგარეტის პოპულარიზაცია მათთვისაც მომგებიანია. ამ მხრივ განსაკუთრებით ლიდერობენ "ფილიპ მორისი" და ბრიტანულ-ამერიკული თამბაქოს კომპანიები. ელექტრონული სიგარეტი 1980-იანი წლებში გამოიგონეს და როგორც კი ბაზარზე შემოვიდა, არნახული რეკლამა გაუწიეს: ამბობდნენ, რომ ეს გახლდათ თამბაქოსთვის თავის დანებების ძალიან კარგი საშუალება, მაგრამ ეს რეკლამაც უკანონო იყო - მის გამო ათასობით მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანეს და უამრავი მოზარდი დამოკიდებული გახდა თამბაქოზე. ვინ არის ამ ბიზნესის დასაყრდენი? - ბავშვები და ახალგაზრდები: პრომოუტერი გოგონები შედიან კაფე-ბარებში, გაასინჯებენ ახალგაზრდებს ელექტრონულ სიგარეტს და მერე თანდათან ხდება მათი ამ ბიზნესში ჩათრევა. არამწეველსაც კი, რომელიც ელექტრონულ სიგარეტს გასინჯავს, უახლოეს პერიოდში ნიკოტინის მიღების მოთხოვნილება უჩნდება. დავუშვათ, მწეველს უნდა, რომ მოწევას თავი დაანებოს და ამ მიზნით შეიძენს ელექტრონულ სიგარეტს, - ვერ დაანებებს იმიტომ, რომ ნიკოტინის შიმშილსაც იკლავს და მოწევის ჩვევასაც ინარჩუნებს.

-თუ არის ცნობილი, რა შემადგენლობისაა ელექტრონული სიგარეტი?

-ცნობილია მხოლოდ ის, რომ გარდა ნიკოტინისა, მასში 180-მდე სხვადასხვა ქიმიური დანამატი შედის, რომელთა ფორმულაც გასაიდუმლოებულია. ტოქსიკურობის მაღალი რისკიდან გამომდინარე, თამბაქოს ინდუსტრია ვალდებულია გახსნას ეს ინფორმაცია. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ უკვე 9 წელია ვიბრძვით, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს მივაღწიეთ.

- სხვათა შორის, ელექტრონული სიგარეტი ინტერნეტშიც საკმაოდ ფართოდ არის რეკლამირებული...

- ეს არის ცრუ რეკლამები! სამწუხაროდ, არ არსებობს ორგანო, რომელიც ამ უკანონო რეკლამებს აღკვეთს. ადრე ამ ტიპის რეკლამების აღკვეთა ანტიმონოპოლიურ სამსახურს ევალებოდა, ახლა კი მათ გავრცელებაზე პასუხს არავინ აგებს. ეს არის კრიმინალი და ჩვენი ალიანსი მოუწოდებს შსს-ს, რომ აღკვეთოს მსგავსი ფაქტები! ინტერენტით გაყიდვაც უნდა აიკრძალოს, ჩვეულებრივ მაღაზიებშიც და საერთოდ, ელექტრონული სიგარეტიც ისეთივე რეჟიმში უნდა მოექცეს, როგორც ჩვეულებრივი თამბაქოს ნაწარმია. ეს არის ქიმია, რომელიც განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ზედა სასუნთქ გზებსა და პირის ღრუს. არსებობს სტატისტიკური მონაცემები, რომ ელექტრონული სიგარეტი მოკლე ხანში იწვევს ხორხისა და პირის ღრუს კიბოს იმიტომ, რომ მასში ძალზე მაღალია მომწამვლელი, ტოქსიკური ნივთიერებების კონცენტრაცია. ეს ნივთიერებები გადადის სისხლში, მოივლის ყველა ორგანოს და ადამიანის ინტოქსიკაციას იწვევს. ბოლოს კი გეტყვით, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც არ უწევს რეკომენდაციას ელექტრონულ სიგარეტს, როგორც მოწევისათვის თავის დანებების საშუალებას, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში მისი თავისუფლად გაყიდვა უკვე აკრძალულია. ვიმედონებთ, რომ მსგავსი რეგულაციები საქართველოშიც კანონით იქნება დაცული და ეს უახლოეს მომავალში მოხერხდება.

ხათუნა ჩიგოგიძე