ეკონომიკური დანაშაულის 50%-ზე მეტი ფულადსაკრედიტო სისტემაზე მოდის

საქართველოში ეკონომიკური დანაშაულის ნახევარზე მეტი ფულადსაკრედიტო სისტემაზე მოდის.სტატისტიკის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2018 წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში სულ დაფიქსირდა ეკონომიკური დანაშაულის 561 შემთხვევა, აქედან 292 შემთხვევა, ანუ 52% ფულადსაკრედიტო სისტემაში მომხდარი დანაშაულია.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, (წყარო შსს) 2018 წლის მაისში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყებაში ეკონომიკური სახის 119 დანაშაული დარეგისტრირდა, საიდანაც მხოლოდ 26 შემთხვევა გაიხსნა, შედეგად გახსნის მაჩვენებელმა მხოლოდ 21% შეადგინა.

სტატისტიკური მონაცემებით, სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკურ საქმიანობის წინააღმდეგ სულ დარეგისტრირდა დანაშაულის 38 ფაქტი, საიდანაც მხოლოდ 8 შემთხვევა გაიხსნა. ფულადსაკრედიტო სისტემაში რეგისტრირებული იქნა 61 დანაშაული, გაიხსნა მხოლოდ 12 ფაქტი, ანუ გახსნის მაჩვენებელმა 19,6% შეადგინა. 13-დან მხოლოდ 4 შემთხვევა გაიხსნა საფინანსო საქმიანობის სფეროში ჩადენილი დანაშაულიდან. სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესების წინააღმდეგ 7 ფაქტი დაფიქსირდა, გაიხსნა - 2.

რაც შეეხება 2017 წლის მთლიან მონაცემებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკურ საქმიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის 1 167 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან 581 შემთხვევა, დაახლოებით 50% ფულადსაკრედიტო სისტემაში იყო, საიდანაც მხოლოდ 152 შემთხვევა გაიხსნა. სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკურ საქმიანობის წინააღმდეგ სულ დარეგისტრირდა დანაშაულის 364 ფაქტი, საფინანსო საქმიანობის სფეროში - 187, სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესების წინააღმდეგ 35 ფაქტი დაფიქსირდა.