IDFI: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებზე გაცემულმა პრემიებმა 643 298 ლარი შეადგინა

2013 წელს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებზე გაცემული პრემიების საერთო ოდენობამ 643 298 ლარი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს, რომელმაც აღნიშნული საჯარო ინფორმაცია ოფიციალურად გამოითხოვა.

IDFI-ის ინფორმაციით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა პრემიის სახით 18 750 ლარი მიიღო.

IDFI ასევე აქვეყნებს სხვა საჯარო დაწესებულებებიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციასაც, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2013 წელს გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 625 267 ლარი, საიდანაც 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან გაიცა მხოლოდ 31 090 ლარი, ხოლო დანარჩენი 594 177 ლარი - სააგენტოს არასაბიუჯეტო სახსრებიდან.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში 2013 წლის განმავლობაში თანამდებობის პირებზე დარიცხული პრემიის ოდენობამ ჯამში 47 100 ლარი შეადგინა. ფონდში გასულ წელს ყველაზე მაღალი ოდენობის პრემია აგვისტოს და დეკემბრის თვეებში გაიცა.

ამასთან IDFI ავრცელებს ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ 2013 წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებაც.

"მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ადმინისტრაციამ გასული წლის განმავლობაში 31 პრეს და გაცნობითი ტური ჩაატარა, რომლისთვის გაწეულმა საერთო ხარჯმა 328 635 ლარი შეადგინა. ადმინისტრაციის წარმომადგენლები არც ერთ ღონისძიებას არ დასწრებიან - სტუმრებს მასპინძლობდა ადმინისტრაციის მიერ დაქირავებული გიდი, აღნიშნულია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან მიღებულ დოკუმენტაციაში", - ნათქვამია IDFI-ის ინფორმაციაში.