მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან 1%-იანი განაკვეთით დაიბეგრება, ნაცვლად არსებული 5%-სა.ამასთან, 500 000 ლარზე გადაჭარბების მიუხედავად, პირს მცირე ბიზნესის სტატუსი 2 წლით უნარჩუნდება, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა განაცხადა.
როგორც თაბუაშვილმა აღნიშნა, რეფორმა 120 ათას მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური რეფორმა, რომელიც დაახლოებით 120 ათას მეწარმე ფიზიკურ პირს და მათ უკან მდგომ ადამიანებს შეეხებათ. ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ეკონომიკურ ზრდას და შეეხება მოსახლეობის ფართო ფენებს. რეფორმის შედეგი იქნება მხოლოდ პოზიტიური, რაც ბიძგს მისცემს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში",- განაცხადა თაბუაშვილმა.
მისივე თქმით, 1-ელი ივლისიდან, საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში იქნება 500 000 ლარამდე, ნაცვლად დღემდე არსებული 100 000 ლარისა.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ცვლილების თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საფუძველი აღარ იქნება მეწარმე ფიზიკური პირის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ფაქტი. ამასთან, როგორც თაბუაშვილმა განმარტა, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი არ იხდის მიმდინარე გადასახდელებს.
"დეკლარირებას მეწარმე განახორციელებს ყოველთვიური მარტივი დეკლარაციის ფორმის მეშვეობით",- აღნიშნა თაბუაშვილმა.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭება მეწარმე ფიზიკურ პირს.
მეწარმე ფიზიკურ პირად რეგისტრაცია ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ. ხოლო თუ პირი თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად განიხილება ინდივიდუალურ მეწარმედ, მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე, ვალდებულია დარეგისტრირდეს ინდივიდუალურ მეწარმედ. ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით, მეწარმე ფიზიკური პირი მიმართავს საგადასხადო ორგანოს. მცირე ბიზნესის სტატუსი პირს ენიჭება განცხადებაში მითითებული თარიღიდან. მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში, მეწარმე ფიზიკურ პირს უფლება აქვს იმავე წელს, სტატუსის ხელახალი მინიჭების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს და კვლავ მიიღოს სტატუსი.
როგორც ბრიფინგზე გიორგი თაბუაშვილმა განაცხადა, მცირე ბიზნესის სტატუსისა და დაბეგვრის ახალი რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანია, მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება და შესაბამისი გრაფიკი შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.