"საქართველოს ისეთივე მნიშვნელობა ენიჭება ევრაზიის რეგიონში, როგორც ჰონგ-კონგს - აზიაში"

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჰონკონგსა და საქართველოს შორის სასარგებლო, ყოვლისმომცველი და მნიშვნელოვანია.ჩვენი ეკონომიკები ძალიან დაშორებულია ერთმანეთისგან - ჩვენ ვართ აზიის დიდი კონტინენტის კიდეში, ხოლო საქართველო ევრაზიის რეგიონია. ჩვენ გვაერთიანებს საერთო ხედვა და რწმენა, რომ თავისუფალი ვაჭრობა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ჩვენი ეკონომიკების განვითარებას, არამედ დანარჩენ მსოფლიოსაც, - ამის შესახებ ჰონგ კონგის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული ერთეული) კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა ედვარდ იაო თენგ ვამ ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, გენადი არველაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 28 ივნისს, ჰონგ კონგში „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ სამიტის ფარგლებში მოეწერა ხელი.

“ამგვარი ხელშეკრულებები უაღრესად მნიშვნელოვანია გლობალური სავაჭრო სისტემის პირობებში, სადაც პოტენციალი ულევია. შეთანხმების მაღალი სტანდარტი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ჩვენ გვჯერა ამ სავაჭრო პოტენციალის. საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ ჯერ ევრაზიის, ხოლო შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე და ა.შ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერით იწყება ჩვენი ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი, რომელიც ორივე ეკონომიკას დიდ სარგებელს მოუტანს,“ - განაცხადა ჰონგ კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა.

ედვარდ იაო თენგ ვას განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ხელს შეუწყობს პროცესს, რომ ჰონგ-კონგი ევრაზიის გულში მნიშვნელოვნად იყოს წარმოდგენილი. მისივე თქმით, საქართველოს ისეთივე მნიშვნელობა ენიჭება ევრაზიის რეგიონში, როგორც ჰონგ-კონგს - აზიაში.

„სულ ახლახანს გადავხედე Heritage Foundation-ის ინდექსს. ამ შეფასებით ჰონგკონგი უკვე 24 წელია პირველ ადგილზეა, ხოლო საქართველო ამ რეიტინგში მე-16 პოზიციაზე 180 ქვეყანას შორის. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ბოლო ათეული წლის განმავლობაში მნიშვნელოვან ეკონომიკურ წინსვლას მიაღწია,” - განაცხადა ჰონგ კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა.