როგორც ქართულ საზოგადოებას შევპირდით, ეროვნულ ეკონომიკაში დავამკვიდრებთ სამართლიან თამაშის წესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისივე თქმით, დამკვიდრდება ისეთი ეკონომიკური მოდელი, რომელიც ორიენტირებული იქნება სიღარიბის დამარცხებაზე.
“როგორც ქართულ საზოგადოებას შევპირდით, ეროვნულ ეკონომიკაში დავამკვიდრებთ სამართლიან თამაშის წესებს, ჩვენ დავამკვიდრებთ ისეთ ეკონომიკურ მოდელს, რომელიც ორიენტირებული იქნება მთავარი გამოწვევის დამარცხებაზე - ეს არის ის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავძლიოთ სიღარიბე. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მემკვიდრეობით ერგო ისეთი ეკონომიკური მოდელი, სადაც ხშირად საგადასახადო ტვირთი მცირე მეწარმეებისთვის იყო უფრო დიდი, ვიდრე მსხვილი ბიზნესისთვის; დაგვხვდა ისეთი მოდელი, სადაც მცირე მეწარმეებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი ბარიერები, რათა მათ გაეფართოებინათ თავიანთი მომსახურეობისა და პროდუქტის ბაზარი. ამასთან ერთად, საგადასახადო ადმინისტრირების ბაზარი აიძულებდა მცირე მეწარმეებს, ყოფილიყვნენ ჩრდილოვან ეკონომიკაში. ჩვენი მთავარი გზავნილია სიღარიბის დაძლევა, რომელშიც ერთადერთი წარმატების გზა გადის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებაზე. ეს არის ერთადერთი გზა, რითაც შეგვიძლია გავუმკლავდეთ ჩვენს ეკონომიკურ გამოწვევას. დღეიდან საქართველოში ამოქმედდა უნიკალური საგადასახადო რეჟიმი, რომლის მიხედვითაც, მცირე მეწარმეებს 5-ჯერ შეუმცირდებათ ბრუნვის გადასახადი. ეს არის ძალიან მასშტაბური რეფორმა და ეხება მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100%-ს. ჩვენ ვსაუბრობთ დაახლოებით 120 ათას მეწარმე ფიზიკურ პირზე და მათ უკან მდგომ არაერთ ადამიანზე“, - განაცხადა ბახტაძემ.