რისი გაკეთება შეიძლებოდა ხალხისთვის პრემიებზე გაცემული 9 მილიონი ლარით

2013 წელს 14 სამინისტროს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით გაცემულია 5 729 131 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით 3 135 038 ლარი.

ეს ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ ,,ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტმა” (IDFI) გაავრცელა.

სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყანაში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი შეჩერებულია, უმუშევრობის დონე კვლავ საგრძნობლად მაღალია, ხოლო ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები არასაკმარის ბიუჯეტს ასახელებენ არაერთი პრობლემის მოუგვარებლობს მიზეზად, საზოგადოების სხვადასხვა წრეებში ჩნდება კითხვა, რატომ ან რა დამსახურების გამო გაიცა 14 სამინისტროში 8 მილიონზე მეტი თანხა პრემიების სახით.

რამდენად სამართლიანია ათი ათასობით ლარის პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით გაცემა და რისი გაკეთება შეიძლებოდა სახელმწიფოში დაახლოებით 9 მილიონი ლარით? ამ კითხვებით BPN-მა ყოფილ მაღალჩინოსნებსა და ამჟამინდელ ექსპერტებს მიმართა.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ხელისფლების მთავარ პრობლემად გაუმართავ სახელფასო პოლიტიკას მიიჩნევს:

”მთავარი პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში ვერ გადაწყვიტა ქვეყნის ვერც ერთმა ხელისუფლებამ, არის ნათელი სახელფასო პოლიტიკის ფორმირება. გაურკვეველია, რომელ სახელმწიფო მოხელეს როგორი თანამდებობრივი სარგო უნდა ჰქონდეს. ჩვენთან ხელფასი მხოლოდ ხელფასთან ასოცირდება, არადა რეალურად უნდა ვიცოდეთ, რომ ხელფასში თანამდებობის პირის პრემია და დანამატიც იგულისხმება.

საჭიროა სახელმწიფომ ერთხელ და სამუდამოდ უზრუნველყოს ისეთი სისტემის ფორმირება, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროს თანამდებობის პირებზე გასაცემი პრემიების ოდენობის გამჭვირვალეობას. იმას, რაც მოხდა სასჯელაღსრულების სისტემაში, ვფქირობ არ აქვს გამართლება. როდესაც ამბობ, რომ ბიუჯეტიდან ფული მოგრჩა და უკან ხომ არ დავაბრუნებდითო, უსინდისობაა.

ჯერ კიდევ შევარდნაძის პრეზიდენტობიდან მოყოლებული, საქართველოში ფარისევლური შრომის ანაზღაურების სისტემა არის დამკვიდრებული. ხელისუფლებას ურჩევნია, რომ სახელმწიფო მოხელეების რეალური შემოსავალი დამალოს, რომ ამომრჩეველი არ გააღიზიანოს. სრულიად ბუნებრივია, საშუალო სტატისტიკურ ქართველს გაუჩნდეს კითხვა, რა ინტერესი აქვს ბიზნესმენს, რომელსაც ათი ათასობით შემოსავალი ჰქონდა, მოვიდეს ხელისუფლებაში ორი ათასლარიანი ხელფასის სანაცვლოდ? ეს ადამიანი ან საოცარი პატრიოტი უნდა იყოს, ან თავისი პოზიციით ირიბად სურს შემოსავლების გაზრდა და ბიზნესის გაძლიერება.

საქართველოში განყოფილების გამგეებსაც კი ემსახურება მანქანა, მაშინ, როცა ჰოლანდიაში, სადაც ყველაზე გამართული საბანკო სისტემაა, ვიცე-პრეზიდენტს მანქანა არ ჰყავს. როდესაც სახელმწიფოს ჰყავს ხარჯიანი ჩინოვნიკები, მოსახლეობას აქვს უფლება იცოდეს მათზე გაცემული ხელფასებისა და პრემიების ოდენობა. შესაბამისად მათ მიმართ შესრულებულ სამუშაოს ხარისხზე უფრო მეტი კონტროლი იქნება და მეტი ზეწოლა იქნება მთავრობაზე, რომ ბიუროკრატია შემცირდეს”- აცხადებს რომან გოცირიძე.

”ჩვენს ხელისუფლებაში უწყებებისა და სახელმწიფო ჩინოვნიკების პრემირების პრინციპი მოშლილია. ყველაზე მთავარი ის გახლავთ, რომ სამინისტროებს დაკარგული აქვთ სამეურნეო ფუნქცია”, - მიიჩნევს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე. მისი აზრით, სამეურნეო შედეგები არ წარმოადგენს მინისტრებისა და მათი მოადგილეების საქმიანობის მაჩვენებელს:

-ისინი მხოლოდ პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანოები არიან. ის უზნეობა და განუკითხაობა, რაც საქართველოშია, მიანიშნებს მილიონობით მოქალაქისადმი ცინიკურ დამოკიდებულებაზე. ათი ათასობით პრემიებს ინიშნავენ მაშინ, როცა უმუშევრობის რეალური მაჩვენებელი 70 პროცენტს აღწევს, ხოლო მთავრობის საქმიანობა, ფაქტობრივად, არაეფექტურია. ამას პოლიტიკური უპასუხისმგებლობა ჰქვია. მაღალჩინოსნების საქმიანობის უმეტესი ნაწილი არაეფექტურია, სამაგიეროდ რას აკეთებენ? მიასკდნენ სალაფავს და ვიდრე ვინმე ხელს არ შეუშლის, ლაფავენ და არ ჩერდებიან. ასეთი საქციელი იმიტომ გასდით, რომ ხალხი მიამიტი, მიმნდობი და შეურაცხყოფის ამტანია.

- გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების რაოდენობამ ჯამში დაახლოებით 9 მილიონი ლარი შეადგინა. რისი გაკეთება შეიძლებოდა ამ თანხით?

- უხეშად რომ შევაფასოთ, ეს თანხა საკმარისი იქნებოდა ორი ძალიან სერიოზული ფერმერული მურნეობის ფეხზე დასაყენებლად, რაც სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანი შეღავათი იქნებოდა ფერმერებისა თუ გლეხებისათვის.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი უმრავლესობის საქმიანობას წარუმატებლად აფასებს, ხოლო პრემიებისა და სახელფასო დანამატების დამსახურებულად გაცემას ეჭვქვეშ აყენებს:

”დღეს, როცა ქვეყნის ეკონომიკა არცთუ ისე კარგ მდგომარეობაშია და ბოლო 13 წლის განმავლობაში პირველად ბიუჯეტი თითქმის 700 მილიონით გაირღვა, პენსიები საგრძნობლად არ გაზრდილა და არც სამინისტროებს გაუკეთებიათ განსაკუთრებული საქმე, ამ ოდენობის პრემიების გაცემა არაადეკვატურ ქმედებად მიმაჩნია. შეიძლება არიან ერთეული ადამიანები, რომლებმაც მართლაც დაიმსახურეს წახალისება, მაგრამ ამ მასშტაბებით პრემიებისა და სახელფასო დანამატების მიღების უფლებას არ უნდა აძლევდნენ საკუთარ თავს.

ამ თანხით შეიძლებოდა რამდენიმე სკოლის გარემონტება ან, თუნდაც, ზოგი შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტის გაგრძელება. მაგალითად ავიღოთ ჯანდაცვის სისტემა - არსებული სახელმწიფო პროგრამა მედიკამენტების ანაზღაურებას არ ითვალისწინებს. ხომ შეიძლებოდა მილიონობით თანხა სწორედ ამ საქმეს მოხმარებოდა?! როდესაც მთავრობა ამბობს, რომ ბიუჯეტში არ არის საკმარისი თანხა ნარკოსარეაბილიტაციო ცენტრის გასახსნელად ან C ჰეპატიტის მქონე ადამიანების მკურნალობის სრულად დასაფინანსებლად, ამ დროს კი სამინისტროებისა და სხვადასხვა სსიპ-ების მოხელეები მილიონობით თანხას პრემიების სახით იღებენ, ბუნებრივია, რომ საზოგადოებას პროტესტის გრძნობა უჩნდება”- განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ IDFI-ს ცნობით, 2013 წელს თანამდებობის პირების მიერ მიღებული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ მოთხოვნები უპასუხოდ დატოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხოლო არასრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდეს ფინანსთა, ეკონომიკის, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა.

სალომე შიხაშვილი