„2018 წელს, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს"

პირველად, საქართველოს ისტორიაში 2018 წელს, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 3 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბებს, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა."ივნისის თვეში, 21%-ით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა წინა წლის ივნისთან შედარებით. საერთო საშუალო მაჩვენებელი 6 თვის მონაცემებით ასევე ძალიან წარმატებულია. მნიშნელოვანია აღინიშნოს, რომ გარდა ტურისტების მიმართულებით რეკორდული წლისა, ასევე რეკორდული წელი გვექნება შემოსავლების კუთხით. პირველად, საქართველოს ისტორიაში 2018 წელს, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 3 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბებს", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარი-აპრილის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 799 მილიონ დოლარს (ზრდა +28.4%), რაც 177 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

"2018 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 551 მილიონ დოლარს (ზრდა +26.7%), რაც 116 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2017 წლის ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.75 მილიარდ (2,751,279,624) დოლარს (ზრდა +27%), რაც 585 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.8%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +16.6%-ია. 2017 წლის ჯამური მონაცემებით, წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.9% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13%", - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.