თავისი არსით, სტარტაპი იდეის პროდუქტად გადაქცევის კატალიზატორია. ამ პროდუქტთან ურთიერთქმედების პროცესში მომხმარებლები უკუკავშირსა და ინფორმაციას გამოიმუშავებენ.უკუკავშირი შეიძლება იყოს, როგორც ხარისხობრივი (მაგალითად, რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ ადამიანებს), ასევე რაოდენობრივიც (ვთქვათ, რამდენი კლიენტი იყენებს და მიიჩნევს ფასეულად პროდუქტს). სტარტაპის მიერ შექმნილი პროდუქტები სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა ექსპერიმენტები. სწორედ ამ ექსპერიმენტების შედეგად ყალიბდება ხედვა, როგორ უნდა შეიქმნას სიცოცხლისუნარიანი ბიზნესი. სტარტაპისთვის ეს ინფორმაცია ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე დოლარები, ჯილდოები და პრესის ფურცლებზე გამოჩენა, რადგან ის წარმოშობს და ახალ სახეს სძენს იდეების მომდევნო წყებას, - ამის შესახებ საუბარია ერიკ რისის წიგნში „წარმატებული სტარტაპი“.
იდეიდან წარმატებულ სტარტაპამდე პროცესი შეიძლება სამ ეტაპად დაიყოს: შექმნა-შეფასება-სწავლის უკუკავშირის ციკლი. როგორც წიგნის ავტორი წერს, შექმნა-შეფასება-სწავლის უკუკავშირის ციკლი ქმნის ეკონომიური სტარტაპის საფუძველს. წიგნის მეორე ნაწილში ჩვენ მას დაწვრილებით შევისწავლით.
„პროფესიული მომზადება და გამოცდილება ბევრ ჩვენგანს ციკლის ერთ-ერთ რომელიმე ელემენტზე აკეთებინებს აქცენტს. მაგალითად, ინჟინრებს ახალი პროდუქტების ეფექტიანად შექმნას ასწავლიან. მენეჯერები, როგორც წესი, თეორიული სწავლების მეთოდებისა და სტრატეგიის შემუშავების ექსპერტები არიან. მეწარმეებიც მხოლოდ ერთ ელემენტზე ამახვილებენ ყურადღებას: პროდუქტის იდეაზე, მის ხარისხიანად შემუშავებაზე ან რაოდენობრივ მაჩვენებლებზე. მაგრამ საქმე ის არის, რომ ცალკე აღებული, ამ ასპექტებიდან, მნიშვნელობით, არცერთი სხვას არ აღემატება. მთავარია მაქსიმალურად შემცირდეს უკუკავშირის ციკლის გავლის საერთო დრო. სწორედ ეს არის სტარტაპის მართვის არსი და სწორედ ამაზე ვისაუბრებთ ჩვენი წიგნის მეორე ნაწილში. ჩვენ სრულად გავივლით შექმნა-შეფასება-სწავლის უკუკავშირის ციკლს და დაწვრილებით ვიმსჯელებთ მის თითოეულ შემადგენელზე“, - წერს ავტორი.
ზოგადად, ეკონომიური სტარტაპის სისტემა კომპანიას კაპიტალის ეფექტიანად განაწილების საშუალებას აძლევს, რადგან უფრო სწრაფად გვიჩვენებს კურსის შეცვლის მომენტს და თავიდან გვარიდებს დროისა და ფულის ამაო დანაკარგებს. ავტორის თქმით, ჩვენ უკუკავშირის ციკლს შექმნაშეფასება-სწავლის ციკლი ვუწოდეთ, რადგან მოქმედება სწორედ ამ თანმიმდევრობით მიმდინარეობს. მაგრამ დაგეგმვის პროცესი საპირისპირო მიმართულებით ვითარდება: ჯერ ვარკვევთ, რისი სწავლა გვჭირდება; მერე მივმართავთ ინოვაციის აღწერას, რომ დავადგინოთ, რა უნდა შევაფასოთ იმის გასარკვევად, ვიღებთ თუ არა ფაქტებით დადასტურებულ ცოდნას; დაბოლოს, ვწყვეტთ როგორი პროდუქტი უნდა შეიქმნას, რათა ჩავატაროთ შესაბამისი ექსპერიმენტი და მივიღოთ საჭირო შეფასება. ჩვენი წიგნის მეორე ნაწილში აღწერილი მეთოდები, შექმნა-შეფასება-სწავლის უკუკავშირის ციკლის დახმარებით, პროდუქტის ბაზარზე გატანის საერთო დროს მინიმუმამდე ამცირებს, - წერს ერიკ რისი.