ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ენერგეტიკული სანქციების გზით აპირებს გაანულოს ირანის ნავთობიდან მიღებული შემოსავლები. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბრაიან ჰუკმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.მისი თქმით, აშშ ამ დროისთვის მუშაობენ გლობალური ბაზრის დესტაბილიზაციის მინიმიზირებაზე. „ ჩვენ გვჯერა, რომ არის საკმარისი რესურსი, გაიზარდოს ნავთობის მოპოვება“, - განაცხადა მან.
დონალდ ტრამპმა 8 მაისს მიიღო გადაწყვეტილება ამერიკის მხრიდან ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმების დატოვებაზე. მან პირობა დადო, რომ 90-180 დღის განმავლობაში დააბრუნებდა ადრე დაწესებულ სანქციებს და აამოქმედებდა ახალსაც. ჰუკის განცხადებით, სანქციები, რომლებიც ენერგეტიკულ სექტორს შეეხება, 4 ნოემბრიდან ამოქმედდება. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ირანში ნავთობმოპოვება დღე-ღამეში 4 მილიონ ბარელამდე გაიზარდა, ხოლო ექსპორტი 2,5 მილიონ ბარელამდე.
ადგილობრივი ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ტრამპის მიერ დაწესებული სანქციების მიზანია, დარტყმა მიაყენოს ირანის სანავთობო ექსპორტს, რომელზეც რეალურად ირანის ეკონომიკა დგას. როგორც 2012 წელს მიღებულ სანქციების პაკეტში წერია, ამერიკა ავალდებულებს ქვეყნებს შეამცირონ ირანული ნავთობის შესყიდვა. ამ დროისთვის ირანული ნავთობის უმსხვილესი შემსყიდველები არიან ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ინდოეთი და ევროკავშირი. ამ ქვეყნების ნაწილმა უკვე შეამცირეს შესყიდვები, მათ შორის, სამხრეთ კორეამ მიმდინარე წლის მარტში შესყიდვები 40%-ით შეამცირა.
ჰუკის განცხადებით - გამონაკლისები არ დაიშვება. ამ დროს კი ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რა ზომებს გაატარებს აშშ ინდოეთისა და თურქეთის მიმართ, რომლებმაც ნათლად განაცხადეს, რომ არ აპირებენ ნავთობის შესყიდვას ირანისგან. ჰუკის თქმით, ისინი გეგმავენ ინდივიდუალურად მიუდგნენ ქვეყნებს, მაგრამ არ დაუშვებენ გამონაკლისებს და არ გასცემენ ცალკეულ ლიცენზიებს. მან თავი აარიდა პასუხს, თუ რომელმა ქვეყნებმა განაცხადეს მზაობა, არ შეისყიდონ ირანული ნავთობი.
კოკა კვირკველია