ეკონომიკის სამინისტრო მეწარმეებისთვის ღია კარის დღეს გამართავს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მეწარმეებისთვის ღია კარის დღეს გამართავს.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, 7 ივნისს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში, " ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამართავს ღია კარის დღეს, სადაც იწვევს დაინტერესებულ მეწარმეებს ახალი სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად.

შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ისაუბრებს პროგრამის მიმართულებებზე და იმ პირობებზე, რომლის მიხედვითაც მთავრობა ხელს უწყობს ახალი საწარმოების შექმნას და ადგილობრივი წარმოების განვითარებას.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია.

ღია კარის დღეს დაესწრებიან პროგრამის მონაწილე კომერციული ბანკების, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები.

"ღია კარის დღეზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ მეწარმეს, რომლებმაც რეგისტრაციისთვის წინასწარ უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: 2 99 10 44 ან მიმართონ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.