რუსეთი ყაზბეგის მიმართულებით სატვირთო მანქანების მიმოსვლას შეზღუდული რეჟიმით ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ლარსის გამშვებმა პუნქტმა ჩვეულებრივზე ორჯერ ნაკლები სატვირთო ავტომობილი გაატარა.
„მეექვსე დღეა შეზღუდვებით ვმუშაობთ იმიტომ, რომ რუსული მხარე არ ატარებს იმ რაოდენობის ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რა რაოდენობის გატარებაც შეუძლია ამ საბაჟოს. დღე-ღამის განმავლობაში ზოგადად თუ მოძრაობს 500-600 სატვირთო მანქანა, ახლა 24 საათის განმავლობაში 250-ზე მეტი არ გაატარა. მიზეზად ასახელებენ იმას, რომ არის ტურისტული სეზონი და მათთვის პრიორიტეტულია ტურისტებისა და მსუბუქი ავტომობილების გატარება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, უცნობია, როდის აღდგება საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ჩვეული რეჟიმით მუშაობა, რადგან რუსული მხარე თანამშრომლობაზე არ მოდის.
„როდის აღდგება ჩვეულ რეჟიმში მუშაობა, ამასთან დაკავშირებით არ ამბობენ არაფერს. ჩვენ პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზა შევთავაზეთ, თუმცა უშედეგოდ,“ - განაცხადა მან.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რუსული მხარის მიერ გამტარი ზოლებიც შეზღუდულად მუშაობს და ამ დროისათვის საქართველოს მხარეს 600-მდე სატვირთო რუსეთის მიმართულებით გასვლას ელოდება.
„ამ წუთისთვის 600-მდე სატვირთო მანქანა ელოდება გასვლას. არ ვიცით, რა რაოდენობის მანქანებია რუსეთის მხარეს დაგროვილი, რომლებიც აქეთ გამოსვლას ცდილობენ. ჩვენ არანაირი ტექნიკური შეფერხება არ გვაქვს, მაგრამ დამოკიდებული ვართ მეზობელ ქვეყანაზე - რუსეთზე, რომელმაც ჩვენთან ერთად უნდა იმუშაოს,“ - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.