რამდენიმე წუთის წინ, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანმა უნგრულმა ავიაკომპანია Wizz air-მა რუმინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი ავიარეისი შეასრულა.საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ბუქარესტიდან ქუთაისის მიმართულებით შესრულებულ პირველ ავიარეისს აეროპორტში ტრადიციულად წყლის შადრევნით დახვდნენ. რეისის პირველ მგზავრებს აეროპორტში ქართული ღვინოები დაურიგდათ.
ბუქარესტი-ქუთაისის მიმართულებით ფრენები კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, რუმინეთი რიგით მე-14 ქვეყანაა და მე-20 მიმართულება, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz air შეასრულებს.
„დღეიდან დაიწყო ავიამიმოსვლა საქართველო-რუმინეთს შორის. ეს არის ორ ქვეყანას შორის, ჯერჯერობით ერთადერთი პირდაპირი მიმართულება. თუმცა აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ 1-ელი აგვისტოდან თბილისის აეროპორტში რუმინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია „TAROM” შეასრულებს რეგულარულ რეისებს თბილისი-ბუქარესტი-თბილისის მიმართულებით“, - განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.
მისივე თქმით, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მუდმივად მუშაობს ახალ ავიამიმართულებებზე. 15 ნოემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა ევროპის კიდევ ერთი დედაქალაქის, ვენის მიმართულებით შესრულდება.