თუ თავად ვერ აღწევთ თავს ზაფხულის ცხელ დღეებს, ალბათ გსურთ, რომ გამწვანებულ, გრილ გარემოში ბავშვები მაინც გაუშვათ და თანაც გარკვეული საგანმანათლებლო და ფიზიკური აქტივობებითაც დააკავოთ.მიუხედავად იმისა, რომ საზაფხულო ბანაკების ნაწილში რეგისტრაცია უკვე დასრულდა, Allnews.ge-მ შეკრიბა იმ ბანაკების ჩამონათვალი, სადაც ბავშვი გაშვება ჯერ კიდევ შეგიძლიათ:
შერვუდი - შერვუდი 8-დან 18 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო ბანაკია, სადაც ბავშვებს საშუალება ეძლევათ, კვალიფიციური მასწავლებლების დახმარებით შეისწავლონ ინგლისური ენა, გაიუმჯობესონ ცოდნის დონე/ხარისხი, შეიძინონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მეგობრები და ჩაერთონ სპორტულ და შემოქმედებით აქტივობებში.
ბანაკის სტრუქტურა კი ასეთია: ყოველ 10-15 ბავშვს ჰყავს გამოყოფილი ლიდერი,
რომელიც ეხმარება მოზარდებს ადაპტაციაში, უზრუნველყფოფს მათ მაქსიმალურ ჩართულობას როგორც სასწავლო, ასევე შემოქმედებით და გასართობ პროცესებში.შერვუდის ბანაკი 28 ივნისიდან 4 ივლისამდე ანაკლიაში მიმდინარეობს, ხოლო 4 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით - ბაკურიანში. როგორც შერვუდში განმარტავენ, მსურველებს ორივე პროგრამაში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. ამავდროულად, ყოფილი შერვუდელები დამატებითი სერვისებით სარგებლობენ. შერვუდში მონაწილეობის საფასური ანაკლიის შემთხვევაში 1 100 ლარს შეადგენს, ბაკურიანში - 990 ლარს.
"მომავლის ბანაკი" ანაკლიაში
"ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" ორგანიზებით, საქართველოში ყოველწლიურად ხორციელდება ახალგაზრდული ბანაკის პროგრამა, რომლის ფარგლებში საზაფხულო სეზონის განმავლობაში, ანაკლიასა და შაორის ტბაზე ბანაკები ეწყობა. ანაკლიის მომავლის ბანაკში 2018 წლის ზაფხულში 14-18 წლის მოზარდები ისვენებენ, შაორის ტბაზე მდებარე ბანაკი კი შედარებით მაღალი ასაკობრივი ჯგუფისთვისაა.
ანაკლიის შვიდდღიანი ბანაკის მიზანია, ბანაკში დასასვენებლად მოიწვიოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მოზარდები, რომლებსაც საშუალება მიეცემათ, მოინახულონ საქართველო, ურთიერთობა დაამყარონ თანატოლებთან, გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნა, დაათვალიერონ ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები, გაეცნონ ქართულ ტრადიციებს, მიიღონ მონაწილეობა ბანაკის მრავალფეროვან აქტივობებში, განავითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები.
კანდიდატების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება დევნილის სტატუსის მქონე და ასევე იმ მოზარდებს, რომლებიც საქართველოში არ არიან ნამყოფი და აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა აქამდე არ მიუღიათ.
Glow Georgia
Glow Georgia გოგონების ბანაკია, რომელიც 14-17 წლის მოზარდებს იღებს. Glow-ს საზაფხულო ბანაკი ერთკვირიანია და ორ ნაკადად ტარდება. ბანაკი თითო ნაკადზე 14-16 წლის 50 გოგონას მრავალფეროვან თემატიკაზე აძლევს განათლებას: თვითშეფასება, გენდერული როლები, ლიდერობის განვითარება. მუშაობის სტილი მოიცავს როგორც ლექციებს, ისე დისკუსიებს მცირე ჯგუფებში. გოგონები უშუალო გამოცდილებას მიიღებენ ჯგუფის შეკვრის თამაშებისა და აქტივობების საშუალებით. 1-ლი ბანაკი იქნება რუსთავში 12-19 აგვისტოს, ხოლო მეორე 22-29 აგვისტოს ამავე ქალაქში.
ბანაკში მონაწილეობის მიღება უფასოა. კითხვის გაგრძელება