კილოგრამი თხილის ფასი 8-ლარამდე გაიზარდა

სამეგრელოში თხილის ფასმა, ერთბაშად მოსალოდნელზე მეტად იმატა, ამ დროისთვის თხილის ფასი კილოგრამზე 7-დან 8 ლარამდე მერყეობს.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ამ სეზონზე, როდესაც ძველი მოსავალი მოლეულია, თხილის ფასი ყოველთვის შედარებით მაღალი იყო, 5 ლარს აღწევდა, მაგრამ ამ ფასად არასდროს ჩაუბარებიათ.

მამუკა ფიფია, დარჩელის მკვიდრი:

- ბოლო წლებში, ჩვენთან თხილს მუდმივად თურქები იბარებენ და თავიანთი მუდმივი კლიენტები ჰყავთ. წელს თქვეს, რომ შარშანდელმა ძლიერმა ყინვებმა და თოვლმა თურქეთში თითქმის მთლიანი მოსავალი გააფუჭა, ჩამოიარეს და რაც კი თხილი ჰქონდა ხალხს შემორჩენილი, ბოლო კილოგრამამდე ჩაიბარეს. 7 ლარზე ნაკლები არც შეუთავაზებიათ. ამასთან მომავალი წლის მოსავალიც ”დაიბევეს”. მთავარია, ბუნებამ შეგვიწყოს ხელი და ფასმა ძალიან არ დაიკლოს.

ლალი პაპასკირი