საქართველოში პირველად, შესაძლოა, კაზინოების ოპერატორი „ლას ვეგასი“ სასტუმროს ბრენდით შემოვიდეს.
საუბარია ქობულეთში 32-სართულიან, 5- ვარსკვლავიან სასტუმროზე, რომლის მშენებლობასაც „კრისტალ ბილდინგი“ რამდენიმე დღში დაიწყებს.
როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ვანო ლომიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მანამდე სასტუმროს მართვაში „Radissoni-სა“ ან „hiltoni-ს“ შემოსვლა განიხილებოდა, თუმცა „ლას ვეგასმა“, რომელიც სასტუმროში კაზინოს ოპერატორად უნდა შესულიყო, ბევრად კარგი წინადადება შესთავაზა, ამიტომ დიდი ალბათობით, ბიზნესმენი მას დათანხმდება.
კომპლექსი აღმაშენებლის ქუჩაზე განთავსდება და ის ქობულეთში ყველაზე მასშტაბური იქნება. როგორც ვანო ლომიძე აცხადებს, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 200 მილიონი ლარია.
რაც შეეხება ფართობს, სასტუმრო 40 000 კვ.მ-ზე განთავსდება და ის 220-ნომრიანი იქნება.
„Radisson-თან ვერ მოვილაპარაკეთ, კომერციული თვალსაზრისით. Hilton-ს კარგი წინადადება აქვს, ალბათ, ჩვენთვის მისაღებიც, მაგრამ სულ ახლახანს დავბრუნდი ერთ-ერთი შეხვედრიდან, სადაც ისეთ საინტერესო წინადადება შემოვიდა, რომ ალბათ, მას დავთანხმდები. როგორც იცით, სასტუმროში კაზინოს ოპერატორად „ლას ვეგასი“ შემოდის, რომელმაც გამოთქვა სურვილი, რომ სასტუმროც მართვაში აიღოს. მისი წინადადება ჩემთვის ყველაზე მისაღებია“,-აცხადებს ვანო ლომიძე.
მისივე ინფორმაციით, სასტუმროში განთავსდება არანაკლებ 300 პერსონაზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, რესტორანები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრი, შეხვედრების ოთახები, ღია და დახურული აუზები, კაზინო. ტერიტორიაზე ასევე განთავსდება სხვადასხვა სახის სარეკრეაციო ნაგებობა. კომპლექსში განთავსდება ფრანგული კაბარე „ლიდოც“.
ამასთან, სასტუმროში 400 ადამიანი დასაქმდება.
მშენებლობის ვადებთან დაკავშირებით, „კრისტალ ბილდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ მიწისქვეშა სამუშაობი ერთ კვირაში, მიწისზედა კი სექტემბერში დაიწყება. რაც შეეხება დასრულებას, 2021 წელს იგეგმება.