”არანაირი საფრთხე 5%-იან ეკონომიკურ ზრდას არ ემუქრება”

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აპრილის თვეში დაფიქსირებულ 2,7%-იან ეკონომიკურ ზრდაში საფრთხეს ვერ ხედავს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა, როგორც წესი, სხვადასხვა თვეებში არის სხვადასხვა აქტივობა და პირველ კვარტალს შემდეგ მოჰყვება ეკონომიკური აქტივობის მცირეოდენი ვარდნა.

"პირველ კვარტალს მოჰყვება ეკონომიკური აქტივობის მცირეოდენი ვარდნა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ შარშან, აპრილის თვეში დაფიქსირდა შედარებით მაღალი ზრდა და ამან გამოიწვია შედარებითობის პრინციპიდან გამომდინარე უფრო დაბალი განაკვეთი. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მთელი რიგი მიმართულებებით არის ძალიან დიდი აქტივობა და არანაირი საფრთხე 5%-იან ეკონომიკურ ზრდას არ ემუქრება. სავარაუდოდ, მეტიც შეიძლება იყოს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს, ის აპრილის თვეში დაფიქსირებულ დაბალ ეკონომიკურ მაჩვენებელს კაზინოებში და სათამაშო ბიზნესში შემცირებულ ბრუნვებს უკავშირებს.