გენგეგმის მიხედვით, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე პარკი უნდა მოეწყოს

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ელიავას ბაზრობას და მიმდებარე ტერიტორიას საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობის პოტენციურ არეალად განიხილავს.როგორც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაშია ნათქვამი, უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე ქალაქის ცენტრში, მდინარე მტკვრის ნაპირას ჩამოყალიბებული ელიავას ბაზრობა და მიმდებარე განვითარებები საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას და იწვევს არსებული საცხოვრებელი და ბუნებრივი გარემოს დეგრადირებას.

„ამ ტერიტორიაზე არსებული ობიექტები მოცემულ სექტორზე ქალაქის საგზაო ქსელის მნიშვნელოვანი და არამიზანშეწონილი გადატვირთვის მიზეზი ხდება. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციით აღიარებული განვითარებითი მიმართულებების თანხმად, აუცილებელია მოცემული ტერიტორიის ეკოლოგიური და სარეკრეაციო პოტენციალის გააზრება და არეალზე შესაბამისი საქალაქო განვითარებების დაგეგმვა. განლაგების გათვალისწინებით ტერიტორია მოიაზრება საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობის პოტენციურ არეალად. საპროექტო მასალის შემუშავების გადაუდებლობა გამოწვეულია ტერიტორიის მიმდინარე დაბინძურებასთან დაკავშირებული საფრთხეებითა და მაღალი სამშენებლო ინტერესით“, - ნათქვამია გენერალურ გეგმაში.

თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დასამტკიცებლად საკრებულოს გუშინ გადაუგზავნა.