თბილისში შესაძლოა, პარკირების საათობრივი სისტემა დაინერგოს -რეკომენდაცია დედაქალაქის მერიას

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში, რომელიც მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად გუშინ გადაუგზავნა, პარკირების საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებითაც არის რეკომენდაციები.კერძოდ, დოკუმენტში საუბარია, „კარგად შეკავშირებული ქალაქის“ კონცეფციაზე, რომლის ერთ-ერთი პუნქტიც ქალაქში სატრანსპორტო პრიორიტეტიზაციის რეგულირების მიზნით პარკირების განფასებითი სისტემის შექმნაა.

„პარკირების განფასებითი სისტემა გულისხმობს, რომ უნდა მოხდეს ზონირება ქალაქში და დაიყოს - ცენტრალური, საგარეუბნო და შუალედური ზონები, რის მიხედვითაც პარკირებასთან დაკავშირებით განფასება მოხდება. აღნიშნული სისტემის დანერგვის მიზანი ისაა, რომ ადგილებში, სადაც დიდი მოთხოვნა და დიდი ზეწოლაა, საპარკინგე ადგილები ტყუილად არ მოცდეს. შესაბამისად, საპარკინგე ზონებში გარკვეული ადგილები ყოველთვის იქნება გამოთავისუფლებული იმ პირებისთვის, ვისაც საქმე აქვს და ავტომობილის დაყენებისთვის 1-2 საათის განმავლობაში თანხას გადაიხდის. რა თქმა უნდა, ქალაქის ცენტრალურ უბნებში გადასახადი უფრო ძვირი იქნება ვიდრე დღეს არის და უფრო ძვირი,  ვიდრე სხვა ზონებში. რაც შეეხება პერიფერიას, იქ არ არის გამორიცხული საერთოდ უფასოც იყოს,“-განმარტავს გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ რეკომენდაციებს, თუ როგორც უნდა გადაწყდეს სხვადასხვა პრობლემური საკითხი ქალაქში. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დოკუმენტში შესაძლოა საკრებულოში მიმდინარე განხილვებისას გარკველი ცვლილებები კვლავ განხორციელდეს.