თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა.დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა თბილისის მერიამ დასამტკიცებლად საკრებულოს გუშინ გადაუგზავნა.
გენგეგმაში სატრანსპორტო გამოწვევების გადაწყვეტის რეკომენდაციებიცაა შემუშავებული. მათ შორის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საჯარო ტრანსპორტის ეფექტიანი ოპერირებისთვის მნიშვნელოვანია ქალაქის ერთიანი გაბილეთიანების სისტემის შემუშავება.
გარდა ამისა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად ქალაქის სატრანსპორტო ელემენტის გეგმარება-განვითარებისა და ოპერირების პროცესებში პრიორიტეტულად უნდა განისაზღვროს ფეხმავალთა და არამოტორიზირებული ტრანსპორტის მომხმარებელთა ინტერესები და მოცემული ტიპის მგზავრობები წახალისებული უნდა იქნას, როგორც გეგმარებითი, ასევე ადმინისტრაციული ხელსაწყოებით.
ამასთან, ქალაქში უსაფრთხო საველოსიპედო კავშირების მოწყობა განისაზღვრება პრიორიტეტულ მიმართულებად საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის; ასევე პრიორიტეტული იქნება საბაგირო კავშირების განვითარება და შესაბამისი განვითარებითი პოტენციალის შენარჩუნება, თბილისის რელიეფის გათვალისწინებით, ქალაქის შემაღლებულ ტერიტორიებთან სატრანსპორტო კონტაქტის განხორციელებისთვის.
„მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებული საბაგირო კავშირები წარმოდგენილია საორიენტაციო მიმართულებების სახით, რომელთა მიზანშეწონილობა, ტრასირების დეტალები და სხვა საკითხები უნდა დაზუსტდეს შემდგომი ეტაპის კვლევებითა და კონკრეტული პროექტებით,“-აღნიშნულია დოკუმენტში.