აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის უარი თქვას ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე გადასახადების დაწესებაზე, თუ ევროკავშირი გააუქმებს იმპორტის გადასახადს ამერიკულ ავტომობილებზე. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა გერმანიაში რიჩარდ გრენელმა განაცხადა.
როგორც სააგენტო Reuters წერს, ეს განცხადება ამერიკელმა ელჩმა ბერლინში გერმანელ ავტომწარმოებლებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. გაზეთ Handelsblatt-ის ინფორმაციით, გერმანელმა ავტომწარმოებლებმა ნათლად უთხრეს ამერიკელ დიპლომატს, რომ ისინი მზად არიან ევროპულ გადასახადებზე უარი თქვან იმ შემთხვევაში, თუ აშშ თავის მხრივ უარს იტყვის ევროპიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე გადასახადის ამოქმედებას.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს Volkswagen-ის, Daimler-ისა და BMW-ს თავკაცებმა, ჰერბერტ დისმა, დიტერ ზეტჩემ და ჰერალდ კრიუგერმა, გერმანიის ავტომრეწველთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ბერნჰარდ მატესმა და სხვა ტოპ მენეჯერებმა. როგორც კიდევ ერთი გამოცემა DPA საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, გერმანელებმა ამ შეხვედრიდან დადებითი სიგნალი მიიღეს.
შეგახსენებთ, გასულ კვირას დონალდ ტრამპი ტვიტერში წერდა, რომ აშშ გეგმავდა 20%-იანი გადასახადის დაწესებას ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე, თუ ევროკავშირი აამოქმედებდა სავაჭრო ბარიერებს ამერიკული კომპანიებისთვის.
იმავე დღეს სააგენტო Bloomberg-ი წერდა, რომ ტრამპის მხრიდან ამ გადასახადის ამოქმედება შეეხებოდა 300 მილიარდი ოდენობის პროდუქციას და ის საპასუხო ზომებსაც გამოიწვევდა.
კოკა კვირკველია