ოზურგეთში სტიქიის შედეგების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კოტე შარაშენიძე აცხადებს, ქარიშხალმა ოზურგეთში ძირითადად საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა.

"დაზიანებულია სახლები, ქარმა სახურავები გადახადა. ხეები წააქცია. ელექტროგადამცემი ბოძები და ხაზები დააზიანა. ამ დროისთვის ელექტროენერგია ნაწილობრივ აღდგენილია. უკვე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ადგილზე იმყოფებიან ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები",-განაცხადა შარაშენიძემ.

ოზურგეთსა და მიმდებარე სოფლებში ქარიშხალი წუხელ დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო ოზურგეთი-ქობულეთის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილმა ხემ ჩახერგა.

სტიქიის შედეგად ქალაქის ნაწილს რამდენიმე საათით ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

ოზურგეთში ძლიერ ქარს 54 წლის ქალი ემსხვერპლა. მას საკუთარ ეზოში ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.