„ხმაურის შესახებ“ კანონის დარღვევის შემთხვევებს შსს აღარ გააკონტროლებს.როგორც შსს-ს პრესსამსახურიდან იუწყებიან, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები განხორციელდა, რომელთა თანახმად, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობები გააკონტროლებენ.
„მიმდინარე წლის 1-ელ ივლისამდე, დღის ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები განსაზღვრავდნენ. მიღებული ცვლილებების თანახმად, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტებზე რეაგირებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მოახდენენ და აღნიშნული ნორმების დამრღვევებს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დააკისრებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხმაურის მზომი 10 სპეციალური მოწყობილობა, თბილისის მერიის მომართვისა და ნორმატიული აქტების საფუძველზე, დედაქალაქის მერიას უკვე გადასცა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის 20 სპეციალური მზომის გადაცემა ეტაპობრივად განხორციელდება.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ 77¹ და 77² მუხლები 2017 წლის 30 ივლისიდან დაემატა, რომელთა მიხედვით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კანონით განისაზღვრა“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.