ნავსადგურის საზღვაო სამუშაოებს მსოფლიოში წამყვანი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი განახორციელებსანაკლიის პორტის მშენებლობა ახალ მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის. 2018 წლის აგვისტოში ანაკლიაში საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის და საინჟინრო გადაწყვეტის საზღვაო სამუშაოები დაიწყება. საერთაშორისო ტენდერში რთული და ხანგრძლივი შერჩევის პროცესის შემდეგ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გამარჯვებულად მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი საზღვაო-ინფრასტრუქტურული კომპანია Van Oord-ი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ Van Oord-ი ანაკლიის პორტის აქციონერიც ხდება და მისი მშენებლობის პროცესში ეს კომპანია უკვე საგრძნობ ინვესტიციას ახორცილებს.
უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, ანაკლიის საზღვაო აკვატორიაში შემოვა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი, Van Oord -ის მფლობელობაში მყოფი გემი „ათენა“, რომელიც ზღვის ფსკერის დაღრმავებისა და რეკლამაციის სამუშაოებს შეასრულებს. მოხდება ზღვიდან 5 მილიონ კუბურ მეტრამდე ქვიშის ამოღება და ნაპირზე განთავსება და ფსკერის დაღრმავება.
„ეს ისტორიული მომენტია, რადგან მსგავსი ტიპის საზღვაო სამუშაოები თავისი მოცულობით და საინჟინრო გადაწყვეტილებებით საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. მოხარული ვართ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ამ მნიშვნელოვან ეტაპზე მსოფლიოს წამყვანი საზღვაო საინჟინრო კომპანია უერთდება“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამშენებლო გუნდის დირექტორმა რონი სოლბერგმა.
ჰოლანდიური საზღვაო-ინფრასტრუქტურული კომპანია Van Oord-ი მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე საზღვაო და ჰიდრო-საინჟინრო მიმართულებით პროექტების დაგეგმარებასა და განხორციელებაზე მუშაობს. მის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა: დუბაის „პალმების კუნძული“, როტერდამის პორტის გაფართოება, სუეცის მეორე არხის აშენება, უდიდესი მილსადენებისა და სხვადასხვა საზღვაო ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა. კომპანია Van Oord-მა ასევე განახორციელა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წინასამშენებლო კვლევითი სამუშოები.
„ანაკლიის პორტი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტია, რომელიც ეფექტურად დააკავშირებს კავკასიას, კასპიის რეგიონსა და ევროპას, განვითარდება, როგორც რეგიონული ვაჭრობის და ლოგისტიკური ჰაბი. ჩვენ დიდი ენთუზიაზმით ვერთვებით ამ პროექტში. სამშენებლო სამუშაოებისთვის ანაკლიაში თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა შემოგვაქვს რათა მსგავსი მასშტაბის სამუშაო მოცემულ დროსა და მაღალ ხარისხში შესრულდეს”, - განაცხადა კომპანია „Van Oord”- ის რეგიონულმა დირექტორმა გოვერტ ვან ოორდმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშოები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. ამ ეტაპზე უკვე დასკვნით ეტაპზეა ნავსადგურის ადრეული სახმელეთო სამუშაოები. მათ ფარგლებში აშენდა 2.5 კმ-მდე სამელიორაციო არხი, მილხიდები, წყალსაქაჩი სადგური. დასრულდა 110 ჰექტარზე ნაყოფიერი (ჰუმუსოვანი) ფენის მოხსნა; სამშენებლო არეალის ნარჩენებისგან, მათ შორის, შენობა-ნაგებობებისგან და სახიფათო ნარჩენებისგან გათავისუფლება. საზღვაო აკვატორიის გასუფთავების მიზნით, ზღვის ფსკერიდან ამოღებული იქნა 550 ერთეული ტეტრაპოდი და ტერიტორია მომზადა საზღვაო სამუშაოების დასაწყებად.
ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და ოპერირების დაწყება 2020 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.