ევროპარლამენტმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეებისათვის ელექტრონული ფასიანი ავტორიზაციის დაწესებას დაუჭირა მხარი.ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ევროპის სამგზავრო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა (ETIAS) 2021 წლიდან ამოქმედდება.
ახალი რეგულაციის თანახმად, ელექტრონული ავტორიზაციის საფასური 7 ევროს შეადგენს. აღნიშნული ავტორიზაცია უფასო იქნება 18 წლამდე ასაკისა და 70 წელს გადაცილებული პირებისთვის. ელექტრონული ავტორიზაცია მოქმედი იქნება მიღებიდან 3 წლის განმავლობაში.
აპლიკანტმა ავტორიზაციის გავლისას პერსონალური ინფორმაციის გარდა უნდა მიუთითოს ინფორმაცია ბოლო ათი წლის განმავლობაში წარსულში ნასამართლეობის, ომის ან კონფლიქტის ზონაში ყოფნის და წარსულში მასთან მიმართებაში ადმინისტრატიული გადაწყვეტილებების შესახებ, რომლითაც მას ამა თუ იმ ქვეყნის დატოვება მოეთხოვებოდა.
შემდეგ ეტაპზე აღნიშნული რეგულაცია ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.