ჩინეთი აშშ-სთან სავაჭრო ომში „ცეცხლს“ პირველი „არ გახსნის“

ჩინეთის ფინანსთა მინისტრი ირწმუნება, რომ შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ომში, მისი ქვეყანა ცეცხლს პირველი არ გახსნის, რაც იმაში გამოიხატება, რომ ტარიფებს პირველი არ გაზრდის.

ადრე გავრცელებული, არაოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთი ამერიკული წარმოების 34 მილიარდი დოლარის ღირებულების ნაწარმზე, ტარიფების გაზრდას პარასკევს გეგმავს. დროში სხვაობის გათვალისწინებით, ეს ვაშინგტონის მიერ დაგეგმილ ტარიფების ზრდაზე, 12 საათით ადრე გამოდის.

მაგრამ ჩინეთის მთავრობა ხაზს უსვამს, რომ მის მიერ ტარიფების აწევას, საპასუხო რეაქციის ფორმა ექნება: „ჩინეთის მთავრობის პოზიცია უცვლელია. ჩვენ არანაირ შემთხვევაში არ ვაპირებთ პირველი გასროლას, რაც ნიშნავს, რომ ამერიკულ ნაწარმზე ახალ ტარიფებს იმაზე ადრე არ შემოვიღებთ, ვიდრე მსგავს ნაბიჯს შეერთებული შტატები გადადგამენ“.

შეერთებულ შტატებს 34 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ ნაწარმზე ტარიფების გაზრდა, 6 ივლისისთვის აქვს დაგეგმილი. პეკინი საპასუხო რეაქციას იმავე დღეს გეგმავს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიუ კანს ნათქვამი აქვს, რომ მისი ქვეყანა საპასუხო რეაქციისთვის უკვე მზადაა.

„ჩინეთი ამისთვის უკვე მოემზადა. როგორც კი შეერთებული შტატები ახალი ტარიფებით დაბეგრილი ნაწარმის სიას გამოაქვეყნებს, ჩინეთი საპასუხო ქმედებებს მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელებს, რითაც საკუთარ ინტერესებს დაიცავს“, - ნათქვამია ლიუს განცხადებაში.

ოთხშაბათს ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა, რომ იუანის სტაბილურ კურსს შეინარჩუნებს. ამან დოლართან წყვილში იუანის მკვეთრი გამყარება გამოიწვია.

პარალელურად, ჩინური მედია აშშ-ის კრიტიკას აგრძელებს. კერძოდ, სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი გამოცემა „ჩაინა დეილი“ წერს, რომ „ამერიკა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩინეთის განვითარებას ხელი შეუშალოს და ამგვარად, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის სტატუსი შეინარჩუნოს“.

ასევე სახელმწიფოს მმართველი კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებადი, პოპულარული ტაბლოიდი „გლოუბლ ტაიმსი“ წერს, რომ სავაჭრო ომი მსოფლიოს დიდ ქაოსს მოუტანს.

„მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის პირველი საპასუხო რეაქცია ვაშინგტონის სავაჭრო ომზე, კონტრშეტევა იქნება. ძნელი სათქმელია, სადამდე მიიყვანს მსოფლიოს ეს ქმედებები. მაგრამ ვაშინგტონს ეს ყველაფერი ძალიან ძვირად დაუჯდება“, - წერს გაზეთი.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მომზადებული აქვს ახალი სია, რომელშიც 400 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინური ნაწარმია შეტანილი. მათზე ახალი ტარიფები იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუკი ამერიკის მიერ პირველი სიის ამოქმედებას, ჩინეთის საპასუხო რეაქცია მოჰყვება.